ანტისემიტიზმი ეკლესიაში

იციკ მოშე მეუფე იოანეს ქადაგებაზე: ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია ანტისემიტიზმის გამოვლინებად

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ისრაელის სახლის დამაარსებელი, იციკ მოშე, საკუთარ Facebook-გვერდზე ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს ანტისემიტურ ქადაგებას ეხმაურება და წერს, რომ ეკლესიის მაღალი რანგის წარმომადგენლის მსგავსი განცხადებები ანტისემიტიზმის გამოვლინებაა და შესაძლოა, ეთნიკური თუ რელიგიური შეუწყნარებლობისთვის იმპულსის მიმცემი გახდეს. 

"ეკლესიის მაღალი რანგის წარმომადგენლის ასეთი განცხადებები ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია ანტისემიტიზმის გამოვლინებად, შუღლის გაღვივებისა და ზოგიერთი რადიკალური ჯგუფის წახალისების მცდელობად, რაც საქართველოსთვის, როგორც ისტორიულად ტოლერანტული ქვეყნისთვის, არასოდეს ყოფილა დამახასიათებელი.

ამასთან, მიტროპოლიტ იოანეს გამონათქვამები, შესაძლოა, ეთნიკური თუ რელიგიური შეუწყნარებლობისთვის იმპულსი მიმცემი გახდეს. მაშინ, როდესაც ექსტრემიზმისკენ მიდრეკილ პირებს შეუძლიათ, ჩაშლა სცადონ ქვეყნის პირველი პირის მონაწილეობით მშვიდობის, სინათლის დღესასწაულის - ხანუქას სანთლის ანთების ცერემონია. რადიკალურ ჯგუფებს შეუძლიათ, უდანაშაულო ახალგაზრდის მოკვლა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ არის ებრაელი". – წერს იციკ მოშე. 

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, შესაბამისი ინსტიტუციების ჩართულობით მოხდეს დროული და ადეკვატური რეაგირება მეუფე იოანესა და ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებებზე.

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონალური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც (TDI) გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

კომენტარები