რუსული ოკუპაცია

ბუაძე: რუსეთი ე.წ. საზღვრის ე.წ. დელიმიტაციით რთული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებას ცდილობს

ლელოს წევრი, საბა ბუაძე რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა მიხაილ პეტრიაკოვი და მას საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრების დადგენა დაევალა. 

ბუაძე ტელეკომპანია მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ "რუსეთი იყენებს არა მხოლოდ ჰიბრიდული ომის სხვადასხვა მექანიზმებს, არამედ სხვა ფორმებსაც იმისათვის, რომ საქართველოში არსებული რთული სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს".

"აქ მნიშვნელოვანი არის ის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უნდა ატარებდეს და, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან ფაქტობრივად მოხსნილია. მათ შორის მოხსნილია ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმართულებითაც და რუსეთი ამ კუთხით ცდილობს, რომ გააღრმაოს პროვოკაცია, ვითომ ე.წ. საზღვრის, ე.წ. დელიმიტაციის მიმართულებით, რაც, ბუნებრივია, ამ ძალიან რთულ ვითარებას, კიდევ უფრო აღრმავებს".- ამბობს ბუაძე. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. საზღვრის საკითხებზე იქნება უკანონო და არ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი. 

"საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტიაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამდე, სანამ რუსეთი არ მოახდენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და არ შეცვლის თავის უკანონო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ"- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

 

 

კომენტარები