რუსული ოკუპაცია

საგარეო: საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე, საზღვრის დადგენის საკითხი არ განიხილება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. საზღვრის საკითხებზე იქნება უკანონო და არ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი. 

საგარეო ეხმიანება რუსული მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგენლად მიხაილ პეტრიაკოვი დანიშნა და მას საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრების დადგენა დაევალა.

"საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტიაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამდე, სანამ რუსეთი არ მოახდენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და არ შეცვლის თავის უკანონო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ". - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი შეფასებული იქნება, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების მორიგი ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის მცდელობა. 

საგარეო რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია . 

კომენტარები