ამნისტია

ხუნდაძე ამნისტიაზე: ოჯახში ძალადობა ემოციურ ფონზეც ხდება, გამონაკლისები კარგი იქნებოდა

ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, გარკვეულ შემთხვევებში ამნისტია ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულებსაც უნდა შეეხოთ. მან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ აუცილებელია სოციალური ფონის გათვალისწინება.

"კი, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არის პრინციპულად ნეგატიური დამოკიდებულება... მაგრამ მე ძალიან ბევრ ოჯახთან მქონია საუბარი, მათი ნათქვამიც მოვიტანე და არამხოლოდ მათი ნათქვამი, ჩემი აზრიც ემთხვევა მათსას, ვთვლი, რომ ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო. 

არის ისეთი შემთხვევები, როცა კონფლიქტი ემოციურ ფონზე წარმოიშობა. რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს დამდგარ შედეგს, თუნდაც ეს ემოციის ფონზე იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც ნაწილი არ იქნებოდა ურიგო, რომ გაგვეთვალისწინებინა". – ამბობს ხუნდაძე და ფიქრობს, რომ თუ ძალადობის პირველი ფაქტია, ოჯახის თანხმობის შემთხვევაში ამნისტია "ძალიან კარგი" იქნებოდა.

"რა თქმა უნდა, პირველ რიგში აუცილებელია სოციალური ფონის გათვალისწინება, მითუმეტეს, ამ პანდემიის ფონზე. როცა ყველა ოჯახს დამატებითი ტვირთი აქვს, ისევე როგორც მთელ ქვეყანას, მსოფლიო ძალიან დიდ ტვირთს ზიდავს  - ოჯახები არის გახლეჩილი. აქ არის ბევრი პრობლემა, ოჯახს ეკონომიკურად უჭირს და ოჯახის უფროსი, უფრო ხშირად, ოჯახის უფროსები არიან ამის ჩამდენები, სამწუხაროდ, ისინი არათუ ეხმარებიან, ტვირთად აწვებიან და მათი მორალური და ეკონომიკური მხარეც ძალიან მძიმე და შეუსაბამო ხდება, მით უმეტეს, ამ რეალობაში.

მე არ ვფიქრობ, რომ სრული ამნისტირება უნდა მოვახდინოთ ამ დანაშაულის, მაგრამ ვთქვათ ასეთი შემოთავაზება იყოს - თუ არის პირველი შემთხვევა, თუ არის ოჯახის თანხმობა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აქვს დადებითი დახასიათება... ამ სოციალურ ვითარებაში ეს იქნებოდა არამხოლოდ კარგი, არამედ, ძალიან კარგი და აუცილებელიც" . - თქვა ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე.

ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამნისტია არ შეეხება მკვლელობასა და ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულებს. ამნისტიას დაექვემდებარება ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები, ნარკოდანაშაული (გასაღების გარდა) და სხვ. ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

კომენტარები