ალექსეი ნავალნის საქმე

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრეს

ალექსეი ნავალნი
Der Spiegel

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაციამ, ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომლებიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად პოლიტიკოსმა საქმე დაუკავშირა თავისი მოწამვლის გამოძიებას. ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამლეს. მოწამვლის ჟურნალისტურ გამოძიებაში თავად ოპოზიციონერი მონაწილეობდა.

"მე ხომ მაშინვე ვთქვი ვიდეოში, შეეცდებიან ჩამსვან იმის გამო, რომ იმ თვითმფრინავზე არ მოვკვდი და შემდეგ საკუთარ მკვლელებს ვეძებდი, იმის გამო, რომ დავამტკიცე, ყველაფრის უკან პირადად პუტინი დგას". – წერს ნავალნი Instagram-ზე.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისი მკვლელობის მცდელობამდეც არ იყო ჩუმად და ახლა მითუმეტეს არ გაჩუმდებოდა.  

ანტიკორუფციული ფონდის რეგიონალური შტაბების ხელმძღვანელმა, ლეონიდ ვოლკოვმა, აღნიშნა, რომ ფონდი წელიწადში ერთხელ აბარებს ანგარიშს თავისი ფინანსური ხარჯების შესახებ, როგორც მათ, ვინც ორგანიზაციას ფულს სწირავს, ასევე რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს.

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ალექსეი ნავალნის პირობითი პატიმრობის თავისუფლების აღკვევით შეცვლით ემუქრებოდა, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადდებოდა.  ნავალნის წარმომადგენელმა კირა იარმიშმა Twitter-ზე აღნიშნა, რომ 29 დეკემბრის 9:00-ისთვის რუსეთში დაბრუნება პოლიტიკოსისთვის შეუძლებელი იქნებოდა. ალექსეი ნავალნი ამჟამად გერმანიაშია.

2019 წლის ზაფხულში ფონდის თანამშრომლების წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით აღიძრა საქმე. გამოძების ვერსიით, 2016-2018 წლებში ბანკომატებით სხვადასხვა ანგარიშებზე შეჰქონდათ თანხა და შემდეგ ამ თანხას ანტიკორუფციულ ფონდს ურიცხავდნენ. თავდაპირველად, საუბარი იყო მილიარდ რუბლზე, თუმცა შემდეგ თანხა 75 მილიონამდე შემცირდა. ფონდის ოფისებს რეგულარულად ჩხრეკდნენ, თანამშრომლებს კი დაკითხვაზე იბარებდნენ. ამ დრომდე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ, უცნობია, დაიხურა თუ არა საქმე.

კომენტარები