2020 წელი

2020 წელს მომხდარი კარგი ამბები

2020 წელი

2020 წელს მომხდარი კარგი ამბები

წარმოგიდგენთ 2020 წელს მომხდარ კარგ ამბებს, რომლებიც, შესაძლოა, ამდენი ნეგატიური მოვლენის ფონზე გამოგრჩათ.

აფრიკამ პოლიომელიტი დაამარცხა. მრავალწლიანი ვაქცინაციის შემდეგ აფრიკის კონტინენტზე აღმოიფხვრა პოლიომელიტის შემთხვევები. ეს ჯანდაცვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა.

კაპიტანმა ტომმა მედიკოსებს 39 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეუგროვა. 99 წლის ინგლისელმა ვეტერანმა წამოიწყო საქველმოქმედო კამპანია, რომლითაც კორონავირუსთან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს თითქმის 40 მილიონი შეუგროვა. მოგვიანებით ტომ მურმა რაინდის წოდება მიიღო.

ფუტკრებს უყვართ კანაფი. უკანასკნელმა კვლევებმა დაამტკიცა რომ ფუტკრებს კანაფის მცენარიდან ნექტარის შეგროვება უყვართ. ბოლო ხანებში მწერების რაოდენობამ კატასტროფულად დაიკლო, მარიხუანა, შესაძლოა, გახდეს მცენარე, რომელიც ფუტკრებს გადარჩენაში დაეხმარება.

პლასტიკის ბოთლების აღსასრული ახლოვდება. დანიაში შექმნეს ორგანული პლასტიკის ბოთლი, რომელიც ერთ წელიწადში მთლიანად იშლება. აქამდე პლასტიკის ბოთლის დაშლის პერიოდი 450 წელს შეადგენდა.


დასვენება, როგორც წამალი. შოტლანდიასა და კანადაში ექიმებმა დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებისთვის ბუნებაში გასვლისა და მუზეუმების დათვალიერების გამოწერა დაიწყეს. მუზეუმის ბილეთებს რიგ შემთხვევებში დაზღვევა აანაზღაურებს.


ბეირუთის აფეთქების გმირი. ექთანმა პამელა ზეინუნმა სამი ახალშობილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გადაარჩინა. მედიკოსმა ჩვილებთან ერთად 5 კილომეტრი გაიარა, რათა აფეთქების ეპიცენტრს მაქსიმალურად მოშორებოდა.


სტივ ირვინის ოჯახი. 2006 წელს ტრაგიკულად გარდაცვლილი ცნობილი ნატურალისტის, სტივ ირვინის ოჯახმა ავსტრალიის ხანძრის დროს 90 000 ცხოველი გადაარჩინა. 


ყაზახეთში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. ყაზახეთი ოფიციალურად გახდა 88-ე ქვეყანა, რომელშიც სიკვდილით დასჯა გაუქმდა.


კოალები სახლში დაბრუნდნენ. ავსტრალიის ხანძრის დროს დაშავებული კოალები გამოჯანმრთელდნენ და ტყეებში დაბრუნდნენ.


ბრაზილიაში ქალ და კაც ფეხბურთელებს ხელფასი გაუთანაბრდათ. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების წევრებს სქესის მიუხედავად ერთნაირი ხელფასი ექნებათ. 


თანაბარი ხელფასი ახალ ზელანდიაში. ახალი ზელანდიის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ქალებსა და კაცებს ერთსა და იმავე სამუშაო ადგილზე ერთნაირი ხელფასი ექნებათ.


უფასო მგზავრობა ძალადობის მსხვერპლებს. ბრიტანულმა სარკინიგზო კომპანიებმა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის მატარებლით მგზავრობა უფასო გახადეს.


ოზონის ხვრელი დაიხურა. არქტიკის თავზე რეკორდული ზომის ოზონის ხვრელი თავისით დაიხურა. მეცნიერების თქმით, აღდგენის პროცესი პანდემიის დროს გაჩერებულ ტრანსპორტთან დაკავშირებული არ არის.


პანდები კვლავ მრავლდებიან. ჰონგ-კონგის ზოოპარკში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პანდებმა გამრავლება დაიწყეს. აქამდე ცხოველებს გადაშენების საფრთხე ემუქრებოდათ.


პანგოლინებზე ნადირობა იკრძალება. ჩინეთის ხელისუფლებამ პანგოლინებზე ნადირობა აკრძალა. ცხოველების ჯავშანს ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში იყენებდნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი ვერსიით, ახალი კორონავირუსი ვუჰანის ცხოველების ბაზარზე შეძენილი პანგოლინისგან გავრცელდა.


კოსმოსური ორცხობილა. შოკოლადის ორცხობილა პირველი კერძი გახდა, რომელიც კოსმოსში გამოაცხვეს. ასტრონავტებმა სპეციალურად ნულოვანი გრავიტაციისთვის შექმნილი საცხობი აპარატი გამოიყენეს.


სუდანში გენიტალიების დასახიჩრება აიკრძალა. სუდანში ბოლო მოეღო არაადამიანურ ტრადიციას. გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევაში დამნაშავეს სამწლიანი პატიმრობა ემუქრება. გაეროს მონაცემებით სუდანელი ქალების 87%-ს გენიტალიების დასახიჩრების პროცედურა აქვთ გადატანილი. 
 

 

კომენტარები