2020 წელი

მთავარი რედაქტორის წერილი: ზვიგენი, პანგოლინი, ღამურა და კიდევ ერთი ახალი წელიწადი

2020 წელი

მთავარი რედაქტორის წერილი: ზვიგენი, პანგოლინი, ღამურა და კიდევ ერთი ახალი წელიწადი

"ჩემო ძვირფასო, აქ უნდა ვირბინოთ რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ ადგილზე დავრჩეთ. ხოლო თუ სადმე მისვლა გსურს, ამაზე ორჯერ სწრაფად უნდა ირბინო".

ლუის კეროლი, ელისი საოცრებათა ქვეყანაში.

სადაც ახლა როკფელერის ცენტრის საკულტო ნაძვის ხის ფერებად მოკაზმული საახალწლო სიმბოლო დგას და შეკვეთილის იმიგრანტი ასწლოვანი ხეების მსგავსად, პანდემიის პირობებში ხალხის ნაკადს ვერ აუდის, ერთი წლის წინ ზვიგენი იდგა. ოლიგარქის შინაური მტაცებლის გასაბერი ვერსია პარლამენტის წინ 31 დეკემბრის ღამეს ივანიშვილის შინაურმა ადამიანებმა აღმართეს, როდესაც ძალის გამოყენებით საპროტესტო კარვები აიღეს. თუმცა წინასაახალწლო ფენტეზი ამით არ დასრულებულა - ჩიტაძის ქუჩას "კურდღლის ორმოდ" ჩათვლიდით იმ სანახაობის ფონზე, რაც დაღმართზე ჩასულს, რუსთაველზე გადაგეშლებოდათ  თვალწინ: ცარიელ მოედანზე ზვიგენის ნაცვლად ბიბლიური მწყემსების კომბლების მოტივებზე შექმნილი ლოლიპოპები იწონებდნენ თავს; საწუწნი კანფეტების ქანდაკებებს ასობით პოლიციელი წმინდა გრაალივით იცავდა; პოლიციის კორდონს მიღმა, პროტესტის ნიშნად  შეკრებილი ქართული ოპოზიციური სპექტრი, მედია და ტურისტები ახალი წლის დადგომას ქუჩაში აღნიშნავდნენ.

2020-ის სიურრეალისტურმა უვერტიურამ წლის ბოლოს შინაარსი შეიძინა: სოლოლაკელი მტაცებლის გასაბერი ვერსია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველ ერთპარტიულ პარლამენტად გარდაიქმნა. 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების გამო ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მანდატებზე უარი თქვა. ძალაუფლების მიტაცების შედეგად ქვეყანას კვლავინდებურად არაანგარიშვალდებული ოლიგარქი მართავს, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს და ქვეყნის ეკონომიკას სრულად აკონტროლებს არაკომპეტენტური მარიონეტების გუნდის მეშვეობით.

ვითარებიდან გამოსავალზე მოლაპარაკების პროცესი, შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების შუამდგომლობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებულია, მაგრამ ბოლო არ უჩანს. დასავლელი პარტნიორების რჩევა ადვილად პროგნოზირებადი და ნათელია: არჩევნები მძიმე დარღვევებით ჩატარდა, მაგრამ ბოიკოტი გამოსავალი არ არის, მოიქეცით ჩვენსავით, სადავო საკითხები ინსტიტუტებში გადაწყვიტეთ.

მთავარი კითხვაა, რომელ ინსტიტუტებში?

სასამართლოს რომ ივანიშვილის ერთგული "კლანი" მართავს და ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას ემორჩილება, ეს დასავლეთმაც იცის და წუხილიც არაერთხელ გამოუთქვამს საჯაროდ. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, შესული ორი ათასზე მეტი საჩივრიდან ნახევარზე მეტი აბსურდული საბაბებით,  უბრალოდ, არ განიხილეს. დაახლოებით 200 საჩივარი დააკმაყოფილეს ან ნაწილობრივ დააკმაყოფილეს - მაგალითად, კი არ გააუქმეს ის უბანი, სადაც ერთი პირის მიერ მრავალი ბიულეტენის ჩაყრის ვიდეომტკიცებულება არსებობს, არამედ, გადაითვალეს - თითქოს ჩაყრილ ბიულეტინებს ორჯერ რომ დათვლი, სამართალი აღდგება.

ინსტიტუტებისადმი სრული უნდობლობის ვითარებაში არჩევნების მეტნაკლებად სანდო არბიტრები საერთაშორისო დამკვირვებლები არიან ხოლმე, მაგრამ პანდემიის პირობებში მისიები მკვეთრად იყო შეზღუდული. ამიტომ ტვირთი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე გადავიდა, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნები "უკან გადადგმულ ნაბიჯად" და "ქართული ოცნების" პირობებში ჩატარებულ "ყველაზე ცუდ არჩევნებად" შეაფასეს, მაგრამ პარალელურ დათვლაში დაშვებულმა შეცდომამ და ამ შეცდომაზე აგებულმა სამთავრობო პროპაგანდამ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისადმი ნდობასაც ჩრდილი მიაყენა.

"ისინი, 30 წელია, არჩევნებს დარღვევებით ატარებენ, - უთხრა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა დიპლომატმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერთად ჩამოსულ პრესას, როდესაც მაიკ პომპეო ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ტურის ფარგლებში საქართველოს ეწვია, - თავიდანვე ნათელი არ იყო, რომ არჩევნები გამოუსწორებლად გაყალბდა. რამდენად დიდია დარღვევების მასშტაბი იმ არჩევნებთან შედარებით, როდესაც ხელახალი არჩევნები არ მოუთხოვიათ?" საკმარისად დიდი იმისათვის, რომ ძალაუფლების ბედი სხვაგვარად გადაეწყვიტა, - ამტკიცებს ოპოზიცია.

დასავლეთის ზეწოლა ოპოზიციაზე ბოიკოტის წინააღმდეგ ხელისუფლების მხარდაჭერად "ითარგმნა" - ხელისუფლების სპიკერები და პროპაგანდისტული მედია დასავლეთის მიერ დემოკრატიული ოპოზიციის მარგინალიზებაზე ალაპარაკდნენ, რამაც ივანიშვილის ზოგიერთ კრიტიკოსს ამერიკის ელჩზე ვერბალური თავდასხმის არარაციონალური ჟინი მოჰგვარა.

მაღალჩინოსანი ამერიკელი დიპლომატი მართალია - 30 წელია, რაც ქართველებს არჩევნები არ გვივარგა. მაგრამ ის მართლაც გაუგებარია, თამასის წარსულზე სწორება რანაირად არგებს საქართველოს დემოკრატიზაციის ინტერესებს, განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებით, რომ ამ ქვეყანამ გრძელი გზა გამოიარა - პირველი პრეზიდენტის სისხლიანი დამხობიდან ვარდების რევოლუციამდე, როცა ხელისუფლება ისევ ქუჩიდან, თუმცა  მშვიდობიანად შეიცვალა და შემდეგ 2012 წლამდე, როდესაც  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამეზობლოში პირველად, პოლიტიკური ცვლილება საარჩევნო ყუთებში გადაწყდა - ამომრჩეველს არჩევნების მიმართ რწმენა გაუჩნდა. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ დღეს ქართველებისთვის ის აღარ იყოს მისაღები, რაც 90-იან წლებში იყო.

ბოიკოტი რომ სარისკო თამაშია და ოპოზიციას დასუსტების და გაქრობის საშიშროებასაც კი უქმნის, ბალკანების პერმანენტული ბოიკოტების გამოცდილებაც აჩვენებს. ბოიკოტის მეშვეობით მიღწეული კომპრომისები, როგორც წესი, მოკლევადიან მიზნებს ემსახურება. მაგრამ ისიცაა, რომ  ძალაუფლების მიტაცებასთან შეგუება, ხელისუფლების მხრიდან ახალი არჩევნების შესახებ მკაფიო კომპრომისის გარეშე, საპროტესტო ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს და პოლიტიკური პარტიებისა და ელექტორალური პროცესისგან გააუცხოებს, რაც ოპოზიციას კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს. ამასთან, როდესაც აქტიური მოქალაქეების დიდი ნაწილი თავს თამაშს გარეთ გრძნობს და დემოკრატიული ცვლილებების იმედის ადგილს ნიჰილიზმი და უიმედობა იმკვიდრებს, ან ავტორიტარიზმი ფორმდება, როგორც ლუკაშენკოს ბელორუსიაში, ან ხალხი ჯანყდება და გარედან ანგრევს სისტემას - როგორც იანუკოვიჩის უკრაინაში. პირველი სცენარი კატასტროფაა, მაგრამ ქვეყნის ინტერესებს არც მეორე სცენარი არგებს. თუ ამ ალტერნატივებს მხედველობაში მივიღებთ, ბალკანეთი არცთუ ისე ცუდად გამოიყურება.

იმის მოლოდინი, რომ ივანიშვილი იოლად დათმობს, არ უნდა გვქონდეს. ამის საფუძველი ჯერ არ არსებობს. პირიქით, ივანიშვილი ახლა გაყოყოჩებულია იმით, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ბოიკოტის წინააღმდეგია და შეტევაზეა გადმოსული და, ჯერჯერობით წარუმატებლად, ოპოზიციის განადგურება სურს მისი დახლეჩით. ამას გარდა, სააკაშვილის კამპანიაში მონაწილეობის საბაბით, ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც ნახევარ მილიონზე  მეტი ამომრჩეველი ჰყავს, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება, ხოლო მთელ ოპოზიციურ სპექტრს, პარლამენტის ბოიკოტის გამო - დაფინანსების შეწყვეტით.

ჩვენ ნანახი გვაქვს, როდის თმობს ივანიშვილი - როდესაც გრძნობს წნეხს ქუჩიდან და დიპლომატიური არხებიდან. დღეს, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, არც ერთი ხდება და არც მეორე.  იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე კომპრომისს მიაღწიოს, ოპოზიციამ 2021 წელს ივანიშვილს შესაბამისი გარემოებები უნდა შეუქმნას, რაც იოლი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია.

ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები "პატიმრების დილემის"  წინაშე დგანან  -  ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა ხვდება, რომ განსხვავებების და ზოგ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების მიუხედავად, კოორდინირებული მოქმედებით ყველა მათგანი მოიგებს, არაკოორდინირებული ნაბიჯებით - ყველა წააგებს. მაგალითია 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, ამოცანაა ბოიკოტიც შედეგით დასრულდეს.

მთავარი ფაქტორი, რაც ბალკანიზებული ოპოზიციის კოორდინაციას აბრკოლებს, მიხეილ სააკაშვილია - მის პარტიას ამომრჩევლის დაახლოებით მესამედი უჭერს მხარს. ექსპრეზიდენტის სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ საკუთარი თავი რევოლუციურ მესიად მთელ საპროტესტო ელექტორატს მოახვიოს, რვა წელია, არათუ მიზანს ვერ აღწევს, არამედ ნაციონალური მოძრაობაც დახლიჩა. ასე აღმოცენდა გირჩი, ევროპული საქართველო და სტრატეგია აღმაშენებელი, რომელთაც ჯამში ამ არჩევნებზე 11 პროცენტი აიღეს. სამაგიეროდ, ნოყიერად კვებავს ივანიშვილის პროპაგანდას, რომ ოლიგარქიის ერთადერთ ალტერნატივად სააკაშვილის ერთპარტიული მმართველობა ჩანდეს და ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ან საარჩევნო პროცესიდან გათიშოს, ან 50 ლარის სანაცვლოდ, სტატუს-კვოს სასარგებლოდ გადახაროს.

იმისათვის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი ინტერესებისთვის სააკაშვილის გამოყენება ვერ შეძლოს, დემოკრატიული ოპოზიციის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომ საპროტესტო ელექტორატის გამაერთიანებელ საკითხებზე მოახდინოს ფოკუსირება, დღის წესრიგი უკმაყოფილო ამომრჩევლის გამაერთიანებელ ინტერესებს მოარგოს და დამხლეჩი თემები, მიუხედავად იმისა, რა ზომის პარტია ლობირებს, უკან გასწიოს. ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არასაკმარისი. იმისთვის, რომ ბოიკოტმა შედეგი მოიტანოს, ოპოზიციამ პოლიტიკურ პროცესში იმ ხალხის მონაწილეობაც უნდა უზრუნველყოს, ვისაც ერთპიროვნული მმართველობა არც ივანიშვილის უნდა და არც სააკაშვილისა. ასეთ ადამიანებს ოპოზიციის მხრიდან დარწმუნება სჭირდებათ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ სააკაშვილის შეკავების და გაწონასწორების უნარი და ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიცია სააკაშვილის ერთპიროვნულ მმართველობას არ ნიშნავს.

სააკაშვილის გაწონასწორების ამოცანას ხელს ის უშლის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის ცვლილებების  ძალას ყველაზე მეტად ნაციონალური მოძრაობა ასხივებს. რაც შეეხება დანარჩენ პროდასავლურ პარტიებს, მათი მხარდაჭერა, ჯამში, 15-16 %-მდე ადის, მაგრამ  ისინი მარტივ მამრავლებად არიან დაშლილნი და არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო დაწვრილდნენ - გირჩი ორ გირჩად გაიყო, გაყოფის მიზეზი ბუნდოვანია. ევროპული საქართველოდან ელენე ხოშტარია წავიდა - არც მისი წასვლის მიზეზია ცხადი. ასეთი დაქუცმაცებული სპექტრი ძალის დემონსტრირებას, ბუნებრივია, ვერ შეძლებს, სუსტი კი ცვლილებების რწმენას ამომრჩეველში ვერ გამოიწვევს - ამდენად, ოპოზიციის წარმატება იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად გაიაზრებენ ამ რეალობას და რამდენად შეძლებენ არა რომელიმე ლიდერის ახირების, არამედ ამომრჩევლის ინტერესებზე და ქვეყნის განვითარებაზე მორგებული დღის წესრიგის გარშემო გაერთიანებას. თუ ასეთი სინერგია მოხერხდა, გარდა იმისა, რომ ამომრჩეველს იმედიანად განაწყობს, სააკაშვილის მხრიდანაც ნაკლებ შანტაჟს მოვისმენთ - თუ ალტერნატიული ცენტრის ძალას იგრძნობს, იძულებული იქნება, თავი გააკონტროლოს - შესაბამისად, პოლარიზაციაც ნაკლები იქნება და ივანიშვილიც ნაკლებად ისარგებლებს.

მიუხედავად ცალსახად ცუდი შედეგისა, გასული საარჩევნო კამპანიის დროს მიღებული გამოცდილება მხოლოდ იმაში მარწმუნებს რომ ელექტორატი ადამიანების უკეთეს მომავალზე ფოკუსირებული პოლიტიკოსებისთვის ყამირია. ოპოზიციას ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება - ამომრჩეველთან ურთიერთობის უძველეს მეთოდს, პერსონალურ კომუნიკაციას, ვერცერთი მედია ვერ ანაცვლებს. ყამირის ათვისებას ის შეძლებს, ვისაც ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნებზე არ გაახსენდება, მათი პირადად გაცნობა არ დაეზარება, მათ ნდობას მოიპოვებს და  მომავლის და ცვლილებების რწმენას ჩაუსახავს.

საქართველოს ეროვნული ინტერესი ცხადზე ცხადია - ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე დაბრუნება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავისუფალ სამყაროში სრული ინტეგრაციის გზით. "ვარდების რევოლუცია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც თქვენი მთავრობა იქნება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლობით აღვსილი... როდესაც სასამართლო გათავისუფლდება გარე გავლენისგან და კანონის უზენაესობა მყარად დამკვიდრდება, და როდესაც ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი, კონსტიტუციური და დემოკრატიული პროცესის შედეგი იქნება და არა ქუჩიდან წნეხისა". - ამ სიტყვებით მიმართა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პარლამენტს 2009 წელს.

შეერთებული შტატების თითქმის უკვე პრეზიდენტის სიტყვები უფრო რელევანტურია დღეს, ვიდრე მაშინ იყო. საქართველოს მართლაც აქვს პოტენციალი, დასავლური ტიპის, ლიბერალური დემოკრატიის ფორპოსტად იქცეს ამ მღვრიე და რთულ რეგიონში, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ქვეყანა წინ უნდა წავიდეს და არა უკან, როგორც ახლა მიდის.

საქართველოს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებზე და, ზოგადად, დასავლეთზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს, ეს ფაქტია. მაგრამ, სამწუხაროდ, კეთილი განზრახვებით განპირობებული ზეწოლა ოპოზიციაზე, სიტყვა გატეხონ, ამომრჩეველს იმედი გაუცრუონ, რიგგარეშე არჩევნებზე მნიშვნელოვანი კომპრომისის გარეშე პარლამენტში შევიდნენ და ნათელი გახადონ, რომ ივანიშვილს ყველაფერი შერჩა, ერთი მხრივ, ოლიგარქს ეხმარება, არჩევნებს აზრი დააკარგვინოს, მეორე მხრივ, სააკაშვილის რადიკალურ, პოპულისტურ დღის წესრიგს სტიმულირებას უწევს , რომელიც დიდი ხანია ამტკიცებს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს და თაღლითობაა.

არგუმენტი, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები თაღლითურ არჩევნებს მიჩვეულები არიან და ახლაც უნდა გადაყლაპონ, ჩვენს დემოკრატიას არ ეხმარება - რეგიონის არასტაბილური ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვირბინოთ, რომ უკუსვლის ნაცვლად სტატუს-კვო შევინარჩუნოთ და ორჯერ უფრო სწრაფად იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. წარსულზე თამასის მორგების ნაცვლად უკეთეს არჩევნებზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება - მძვინვარე პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანას ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელსაც მკაფიო მანდატი და მაღალი ლეგიტიმაცია აქვს.  

კომენტარები