დავითგარეჯის საქმე

ადვოკატი: ციხეში მელაშვილს უფლება არ მისცეს, ჩემთვის საქმის წერილობითი ანალიზი გადმოეცა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს უფლება არ მისცა მისთვის საქმეზე მომზადებული წერილობითი ანალიზი გადაეცა. მარიკაშვილი ფაქტს დაცვის უფლების უხეშად დარღვევას უწოდებს.

"N8 დაწესებულების ნაწილის ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს არ მისცა უფლება,  ჩემთვის, ადვოკატისთვის გადმოეცა საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი, რითაც უხეშად დაარღვია დაცვის უფლება.

ეს მაშინ, როდესაც პროკურატურა მასალებს არ გვაძლევს სრულად, ბრალდებულთან შეხვედრა ბარიერების მიღმა ხდება, ხოლო ადმინისტრაცია უკვე საქმეზე ბრალდებულის წერილობით მოსაზრებების ადვოკატისთვის გადაცემას ბლოკავს". – წერს მარიკაშვილი.

30 ნოემბერს, 214 თავდების მიუხედავად, სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მხარდამჭერების თქმით, აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ გაიმართა, რომ იქ "მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ძალიან სამარცხვინოდ, უბრალოდ არ აწვდიან დაკავებულების ადვოკატებს მასალებს, რომლებიც უდავოდ გამოდგება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მათი უდანაშაულობა".

საპროტესტო აქციების პარალელურად ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, სურვილის შემთხვევაში, თავდებად დასდგომოდნენ კომისიის დაპატიმრებულ წევრებს. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულების თავდებში ჩადგომას 214 ადამიანი დასთანხმდა. ასევე, ადვოკატები საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც ითხოვენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში უშუალოდ იყო ჩართული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები