გირჩი

"მეტი თავისუფლება - გირჩი" – ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია დააფუძნა

ტაბულა

"მეტი თავისუფლება - გირჩი" - ზურაბ ჯაფარიძემ ამ სახელწოდებით ახალი პარტია დააფუძნა. როგორც პარტიის ყრილობაზე თქვეს, პარტიის თავმჯდომარე ჯაფარიძე იქნება.  

"გადავწყვიტეთ, რომ რახან ფორმალური ნაწილი არის ახალი დროშის და ლოგოს აღება და ჩვენ ვართ ისევ ისეთი გირჩი, სახელითა და ლოგოთი, ფორმალურად რომ დაგვეკმაყოფილებინა მოთხოვნები, ლოგოს ზედა ნაწილი გავხვრიტეთ, ანუ გახვრეტილი ლოგო და დროშა გვექნება. გვინდა, რომ გახვრეტილი ლოგოც და დროშაც ტაშით დავამტკიცოთ". - თქვეს ყრილობაზე. 

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ძველისგან განსხვავებით, ახალი გირჩი იქნება "უფრო გახსნილი".

"მე მინდა, რომ ეს ახალი გირჩი იყოს უფრო გახსნილი, მართლა ღია პლატფორმა ახალგაზრდებისთვის. ჩემი თავი, როგორც ცნობადობის მქონე ადამიანის და როგორც გირჩის ბრენდი, ისევე, როგორც გირჩის ტელევიზია, ამ ადამიანებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად და სცადონ საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში".  - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პოლიტსაბჭოს წევრები იქნებიან - ცოტნე კობერიძე, ნიკა მოსიაშვილი, მანიკა რატიანი, ნინო საჯაია, ანა ჩიქოვანი, ბორის ყურუა, სანდრო თარხან-მოურავი და მირიან ბეჟიტაშვილი. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იქნება ცოტნე კობერიძე .  

ზურაბ ჯაფარიძემ ინფორმაცია  იმის შესახებ, რომ  იაგო ხვიჩიასთან და ვახო მეგრელიშვილთან პოლიტიკური თანამრომლობა შეწყვიტა, 4 დეკემბერს გაავრცელა.

კომენტარები