გირჩი

ხვიჩია: ოფისში ადამიანი მოგვივარდა, მისი მოქნეული ხელი მომხვდა, მერე საკაიფოდ ვცემეთ

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, პარტიის ოფისში ადამიანი მივიდა, რომელიც თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც, მისი მოქნეული ხელი მოხვდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ექიმების დახმარება დასჭირდა. ხვიჩიამ ამერიკული ჰოსპიტალი უკვე დატოვა.

"ეს ყველაფერი ქართული ოცნებისა და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდითაა გამოწვეული. ჩვენს ოფისში ის ადამიანი მოვიდა, რომლის ძმასაც, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით, ჯარში წასვლა ავარიდეთ. შემდეგ, ეს ძმა აშშ-ში წავიდა. ახლა კი, მეორე ძმამ, მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ ჩვენ მისი ძმა სატანას ვაზიარეთ და ოფისში გასატრაკებლად მოვიდა. ის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა - მე ჩავერიე და მისი მოქნეული ხელი მომხვდა. შემდეგ, საკაიფოდ ვცემეთ, მაგრამ ჯერ მაინც არ მინდა, დაიჭირონ, რადგან ერთხელ კიდევ გვყავს საცემი.

ჩემი აზრით, ეს ადამიანი არავის მოგზავნილი არ არის - არც მთავრობის და არც საპატრიარქოსი. უბრალოდ, ის ჩვეულებრივი სულელია. რიგითი სულელები რომ არიან, რომლებიც ჭედავენ. იმის მიუხედავად, რომ მე გამოძიებასთან არ ვთანამშრომლობ, სამწუხაროდ, მას ციხეში მაინც ჩააყუდებენ. ეს ისტორია ასე დამთავრდება". - თქვა ხვიჩიამ კლინიკის დატოვების შემდეგ, მედიასთან საუბარში.

მომხდართან დაკავშირებით, ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე.

კომენტარები