აფრიკის დასახლება

EMC აფრიკის დასახლებაზე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მერიას, შეაჩეროს დემონტაჟის პროცესი

რადიო თავისუფლება/კადრი ვიდეოდან

აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევის განახლებას EMC ეხმაურება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს მერიას, შეაჩეროს ნგრევის პროცესი.  

EMC-ის შეფასებით, მერიამ დემონტაჟის პროცესი დილის 7 საათზე დაიწყო, რაც ხელს შეუშლიდა ადგილზე აქტივისტებისა და ჟურნალისტების მობილიზებას და შეასუსტებდა შესაძლო ფიზიკურ წინააღმდეგობას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"დღეს, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აგებული 7 საცხოვრებელი დაანგრია. ადგილობრივების ინფორმაციით, თითქმის დასრულებულ 2 ნაგებობაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც შენობების დემონტაჟის შედეგად გამოასახლეს.

გამოსახლებულები ყვებიან, რომ მათ ეძინათ როდესაც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა დემონტაჟის აღსრულება დაიწყეს. მათ შენობიდან საწოლების და პირადი ნივთების გამოტანა ვერ მოასწრეს.

მაცხოვრებლების თქმით, მუნიციპალური ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობა დილის 7 საათიდან იყო მობილიზებული. საცხოვრებლები ბულდოზერებით დაანგრიეს. აქედან 5 შემთხვევაში შენობა დაუსრულებელი იყო, ხოლო 2 შენობა თითქმის დასრულებული.

 ცხადია, რომ თბილისის მერია აფრიკის დასახლებაში შენობების ნგრევით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, პანდემიასა და ზამთარში, აგრძელებს უნებართვო შენობების ნგრევას. მეტიც, აფრიკის დასახლებაში ადგილობრივების მწვავე პროტესტის შედეგად მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის აღსრულება სამგორის რაიონში დილის 7 საათზე დაიწყო, რაც ხელს შეუშლიდა ადგილობრივების, აქტივისტებისა და მედიის მობილიზებას და შეასუსტებდა შესაძლო ფიზიკურ წინააღმდეგობას. 

 მუნიციპალიტეტის მიერ საცხოვრისად გამოყენებული უნებართვო შენობების ამ ფორმით დემონტაჟი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ნაგებობებში არ ცხოვრობენ ოჯახები, ზრდის ოჯახების საცხოვრებლის უფლების დარღვევის რისკებს. საცხოვრებლის უფლების ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფომ ყველა ამგვარი გადაწყვეტილება განსაკუთრებული სიფრთხილით და საცხოვრებლის უფლების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით მიიღოს. სათანადო საცხოვრებელზე უფლება ადამიანისა და ოჯახების სოციალური უსაფრთხოების და კეთილდღეობის ბაზისური გარანტია და მასთან არის დაკავშირებული სხვა არა ერთი არსებითი უფლების რეალიზება. დაუშვებელია, ისედაც დაუძლეველი სიღარიბის, მძიმე დაუცველობისა და ყოველდღიური სოციალური უიმედობის წინაშე მცხოვრები ოჯახების დატოვება საცხოვრებლის გარეშე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მერიას შეაჩეროს უნებართვოდ აგებული შენობების დემონტაჟის პროცესი და შეიმუშავოს სამართლიანი პოლიტიკა, წესი და პროცედურა, რაც საცხოვრებლის მიზნით აგებული უნებართვო შენობების დემონტაჟის თაობაზე გადაწყვეტილებისას გაითვალისწინებს საცხოვრებელზე უფლების უპირატეს მნიშვნელობას და ინტერესს და დეტალურად, საფუძვლიანად და სამართლიან კრიტერიუმებზე დაყრდნობით განიხილავს და შეაფასებს ოჯახების საცხოვრებლის საჭიროებებს". - წერს EMC.  

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევა განაახლა

"მეძინა, გამომაგდეს და სახლი დამინგრიეს. 7-ზე მოვიდნენ. გვეძინა, გამოგვყარეს და დაგვინგრიეს. ორივე სახლში ვიყავით ხალხი. საწოლები, რაც მოვასწარით, გამოვიტანეთ. დანარჩენი სულ დალეწეს.  

გამოტანაც ვერ მოვასწარი, სულ ბულდოზერებით დაანგრიეს. 2010-დან ამ სახლს ვაშენებ. გაფრთხილება არ მოსულა, დილის 7 საათზე დაგვადგნენ და სახლი დაგვინგრიეს. 2010-ის მერე 4 დღის წინ იყო პირველი გაფრთხილება. [..] აფხაზეთიდან დევნილი ვარ, არაფერი ქონება არ მაქვს, სადაც უნდათ, იქ ნახონ" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.  

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოს აშენებული შენობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. 

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტიანი სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და დასძინა, "დავამთავროთ ეს უმსგავსობა".

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

 

კომენტარები