აფრიკის დასახლება

"7-ზე გამოგვყარეს და სახლი დაგვინგრიეს" – მერია აფრიკის დასახლებაში შენობებს კიდევ ანგრევს

რადიო თავისუფლება/კადრი ვიდეოდან

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევა განაახლა. 

"მეძინა, გამომაგდეს და სახლი დამინგრიეს. 7-ზე მოვიდნენ. გვეძინა, გამოგვყარეს და დაგვინგრიეს. ორივე სახლში ვიყავით ხალხი. საწოლები, რაც მოვასწარით, გამოვიტანეთ. დანარჩენი სულ დალეწეს.  

გამოტანაც ვერ მოვასწარი, სულ ბულდოზერებით დაანგრიეს. 2010-დან ამ სახლს ვაშენებ. გაფრთხილება არ მოსულა, დილის 7 საათზე დაგვადგნენ და სახლი დაგვინგრიეს. 2010-ის მერე 4 დღის წინ იყო პირველი გაფრთხილება. [..] აფხაზეთიდან დევნილი ვარ, არაფერი ქონება არ მაქვს, სადაც უნდათ, იქ ნახონ". – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.   

თბილისის მერიამ 18 დეკემბერს თვალჭრელიძის ქუჩაზე მოქალაქეებს მოუწოდა, უნებართვოდ აშენებული შენობები 4 დღეში დაენგრიათ. მათი ინფორმაციით, ტერიტორიაზე 7 ასეში შენობა გამოავლინეს.

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოს აშენებული შენობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. 

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტიანი სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და დასძინა, "დავამთავროთ ეს უმსგავსობა".

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

 

კომენტარები