აფრიკის დასახლება

დევნილთა სააგენტო: როცა ჩანგელიების ყველა წევრი ხელს მოაწერს, სახლის გასაღებს გადავცემთ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ჩანგელიების დევნილი ოჯახი სახლის გასაღებს მას შემდეგ მიიღებს, როცა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი დოკუმენტაციას ხელს მოაწერს. 

გუშინ, 20 დეკემბერს, დევნილთა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩანგელიების ოჯახს სახლი ზუგდიდში, 14 დეკემბერს გადასცეს. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი კი წერს, რომ გიგი ჩანგელიას ოჯახს ზუგდიდში გადაცემული ბინის გასაღებიც არ აქვთ და, მათივე ინფორმაციით, ამ კორპუსში ჯერ არავინ შესახლებულა.

დევნილთა სამინისტრო ამბობს, რომ ინფორმაცია არასრულწლოვნისა და დევნილი ოჯახის ღია ცის ქვეშ დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 

"დევნილთა სააგენტოს მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები აპელირებდნენ იმ ფაქტზე, რომ ოჯახს ბინის გასაღები არ აქვს. მოგეხსენებათ, რომ გასაღების მისაღებად საჭიროა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის ხელმოწერა. მშობლებმა დოკუმენტაციას ხელი 12 დეკემბერს, ზუგდიდში კენჭისყრის დროს მოაწერეს, როგორც კი მათი ორი სრულწლოვანი შვილი მოაწერს ხელს დოკუმენტს, იმავე წუთას გადავცემთ სამოთახიანი, გარემონტებული ბინის გასაღებს. შეუძლიათ, მოგვმართონ ნებისმიერ დროს როგორც ზუგდიდში, ასევე თბილისში. აღნიშნული პროცედურების შესახებ ჩანგელიების ოჯახს ზუგდიდში პირადად მივაწოდე ინფორმაცია, რაც ჩვენს მიერ გავრცელებული ფოტოებითაც დასტურდება.

ვთხოვთ, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, როდესაც საქმე ეხება დევნილი ოჯახების განსახლებას მომართონ დევნილთა სააგენტოს და გადაამოწმონ ინფორმაცია. განსაკუთრებით ისეთ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა არასრულწლოვანისა და დევნილი ოჯახის ღია ცის ქვეშ დატოვება, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს". – წერია დევნილთა სამინისტროს განცხადებაში. 

როგორც ჩანგელიას დედა, კესო მანდარია ტაბულასთან საუბარში ამბობს, ოჯახი 28 წელია, ბინას ელოდება. მისივე თქმით, ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ამიტომ აფრიკის დასახლებაში სახლი ააშენეს.

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გიგი ჩანგელიას სახლის ნგრევის შეწყვეტისთვის სასამართლოს 18 დეკემბერს მიმართა. გუშინ, 19 დეკემბერს, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო.

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

      კომენტარები