კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპი: Covid-19-ის ვაქცინის რიგში არ ვარ, შესაფერის დროს მზად ვარ, გავიკეთო

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეცვალა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ვაქცინაციის პირველ ეტაპზე მაღალ რისკ-ჯგუფში მყოფ პირებთან, სამედიცინო სფეროს მუშაკებთან და მოხუცთა თავშესაფრების მაცხოვრებლებთან ერთად აცრა უნდა ჩატარებოდათ მთავრობის მაღალი რანგის წევრებს, მათ შორის თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

"თეთრ სახლში მომუშავე პირებმა ვაქცინა მოგვიანებით უნდა მიიღონ, თუ აცრა რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო არ არის საჭირო. მე ვითხოვე ამ ცვლილების შეტანა. მე არ ვარ აცრის რიგში, თუმცა შესაფერის დროს მზად ვარ, ის გავიკეთო". – თქვა ტრამპმა.

ინფორმაციას, რომ თეთრი სახლის თანამშრომლები ვაქცინას ადრეულ ეტაპზე მიიღებდნენ, სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა. თავდაპირველად თეთრი სახლის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო, შეეჩერებინათ თეთრ სახლში ვირუსის გავრცელება და დაეცვათ ქვეყნის ლიდერები. დონალდ ტრამპმა და აშშ-ს პირველმა ლედიმ კორონავირუსი უკვე მოიხადეს. უკვე დაავადდა და გამოჯანმრთელდა თეთრი სახლის არაერთი წარმომადგენელი.

მოგვიანებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა თქვა, რომ თეთრი სახლის თანამშრომლების ვაქცინაციის მიზანი იყო, მოსახლეობაში ვაქცინისადმი ნდობა გაზრდილიყო.

მანამდე, ამავე მიზეზით კამერების წინ საჯაროდ აცრის გაკეთებაზე მზაობა გამოთქვეს აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ, ჯორჯ ბუშმა და ბილ კლინტონმა.

აშშ-ში COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესი 14 დეკემბრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე 145 ცენტრში განაწილებისათვის მზადაა 3 მილიონი დოზა. კვირის ბოლომდე ვაქცინას კიდევ 425 ცენტრში მიიტანენ. აცრა ორ ეტაპად, სამი კვირის შუალედით კეთდება. ვაქცინა შტატებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება, ხოლო იმას, თუ ვის ჩაუტარდება პირველ ეტაპზე აცრა შტატების მთავრობები თავად განსაზღვრავენ.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის აშშ-ს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) გასულ კვირას დაამტკიცა.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 95%-ით ეფექტიანია და FDA-ს თანახმად, გამოყენებისთვის უსაფრთხოა. სააგენტოში განაცხადეს, რომ ვაქცინის გაკეთება 16 წლის და უფროს პირებს შეუძლიათ.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა უკვე დაიწყო დიდ ბრიტანეთში. ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცეს კანადაში, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში. ვაქცინაციის პროცესში პირველ რიგში აიცრებიან სამედიცინო სფეროში დასაქმებულები და მაღალი რისკჯგუფები. მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის უფრო ფართო ნაწილისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი იანვრიდან გახდება.

პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში კორონავირუსის 16 737 267 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 306 459 ადამიანი.

კომენტარები