კორონავირუსი აშშ-ში

ბაიდენი: აუცრელებისგან განსხვავებით, III დოზით აცრა გიცავთ მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილისგან

ჯო ბაიდენი
ფოტო: Vox.com

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ში კორონავირუსზე სამი დოზით აცრილები მძიმე ავადმყოფობისგან და სიკვდილისგან დაცული არიან. განცხადება ბაიდენმა პანდემიის მართვაში ჩართულ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"აუცრელებისთვის, მათი ოჯახებისთვის და საავადმყოფოებისთვის, რომლებსაც ისინი მალე გადატვირთავენ მძიმე ავადმყოფობის და სიკვდილის ზამთარს მოველით. თუმცა კარგი ამბავიც გვაქვს: თუ აცრილი ხართ და ბუსტერ დოზაც გაკეთებული გაქვთ, დაცული ხართ მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან". – თქვა ბაიდენმა.

CNN-ის თანახმად, შეხვედრაზე პანდემიის მართვის გუნდმა პრეზიდენტს განუმარტა, რომ მოსალოდნელია, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კვლავ სწრაფად გაიზარდოს და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის საფრთხე შეიქმნას.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის ომიკრონის გამოჩენა ახალ გამოწვევებს ქმნის. აშშ-ში ორი კვირის წინანდელ მაჩვენებლებთან შედარებით 31%-ით მოიმატა ახალი შემთხვევების რაოდენობამ, ხოლო ვირუსით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 20%-ით გაიზარდა.

კორონავირუსის ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, COVID-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. 

ამჟამად COVID-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი მუტაციების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩევა. მის შესახებ არსებული ინფორმაცია ჯერაც არ აძლევთ მეცნიერებს საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას.

ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი, თუმცა ვაქცინის სამი დოზა ომიკრონსაც ანეიტრალებს.

კომენტარები