ახალი კორონავირუსი საქართველოში

უდუმაშვილი: ლოკდაუნის გამოცხადება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, განიხილება მასშტაბური აქციები

rustavi2.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, პროტესტი გაგრძელდება და ოპოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არაა, თუ როგორ შეხვდება პარლამენტის პირველ სხდომას.

"თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება, ძალიან ცდება. ეს ლოკდაუნი კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას, ასე რომ, ჩვენ ვიმსჯელებთ ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის, პირველი სხდომის თაობაზეც, თუ როგორ შევხვდებით ჩვენ პარლამენტის პირველ სხდომას. სხვადასხვა ვერსიები განიხილება და საბოლოოდ, შევჯერდებით, მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას". - ამბობს უდუმაშვილი. 

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია არც მასშტაბურ აქციებს გამორიცხავს და მთავრობის მიერ ლოკდაუნის გამოცხადება არის უფრო პოლიტიკური და არა ეპიდემიის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯი.

"რა თქმა უნდა, განიხილება მასშტაბური აქციებიც, თუმცა შევხედავთ, მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან, ქვეყანაში საყოველთაო ლოკდაუნია, ტრანსპორტიც გაჩერებულია და ხალხის გადაადგილება ძალიან ჭირს. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ასეთი ლოკდაუნის გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეპიდემიის შეჩერებას ემსახურება, ასე რომ, გვესმის ყველაფერი, მაგრამ ისიც გვესმის, რომ ქვეყანა არის უმძიმესი კატასტროფის წინაშე". - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავლენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტება ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები წესდება ხვალიდან - სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები