მაიკ პომპეოს ვიზიტი

მეუფე იაკობი: ამერიკელები აფასებენ ჩვენი ეკლესიის როლს ქვეყნის ტრადიციების დაცვაში

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ეხმიანება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს საპატრიარქოში და ამბობს, რომ ამერიკელებს "ეკლესიაში განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდათ". 

მისივე თქმით, ამერიკელები ქართული ტრადიციების დაცვაში ეკლესიის როლს ხედავენ და აფასებენ. 

"რატომ უნდა ხედავდნენ უცხო ქვეყნები ეკლესიის როლს? ჩამოვიდნენ, ნახეს ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს აუცილებელია, როცა ქვეყანაში ჩადიხარ, მაგრამ ჩვენთან, ეკლესიაში განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდათ ამერიკელებს. თვითონაც ხედავთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენს ტრადიციებს აფასებენ. ჩვენი ეკლესიის როლს აფასებენ ამ ტრადიციების დაცვაში. ზოგს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენ ძველი დროიდან ვარსებობთ და ახლა ყოველ 15 წუთში ვერ შევიცვლით ჩვენს აზრებს და ცხოვრების წესს". - თქვა მეუფე იაკობმა ქადაგებისას. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია. 18 ნოემბერს მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საუბრის თემა რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერა იყო.

საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა პომპეოს ვიზიტი შეაჯამა. მან ისაუბრა პომპეოსა და კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ სასიცოცხლო როლს თამაშობს საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების დაცვაში ისევე, როგორც აქამდე, წლების განმავლობაში". 

კომენტარები