აშშ-ს უზენაესი სასამართლო

რატომ გახდა უზენაესი სასამართლო აშშ-ს 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა

აშშ-ს 2020 წლის არჩევნების წინ განსაკუთრებით აქტუალური გახდა უზენაესი სასამართლოს საკითხი. გასულ თვეს 87 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა უზენაესი სასამართლოს ლიბერალური ფრთის ლიდერი, რუთ ბეიდერ გინსბურგი. მალევე დონალდ ტრამპმა მის შემცვლელად ემი კონი ბარეტის კანდიდატურა წამოაყენა. ბარეტი ცნობილი კონსერვატორი მოსამართლის, ანტონინ სკალიას კლერკი იყო და ორიგინალიზმის სკოლის მიმდევარია. სენატის სასამართლო კომიტეტმა მოსმენები გამართა, შემდეგ კი, დემოკრატი სენატორების ბოიკოტის მიუხედავად, მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად სენატს გადაუგზავნა.

27 ოქტომბერს აშშ-ს სენატმა ემი კონი ბარეტს მხარი დაუჭირა 52 ხმით 48-ის წინააღმდეგ. მის წინააღმდეგ ხმა მისცა ყველა დემოკრატმა სენატორმა და ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა მეინის შტატიდან, სიუზან კოლინზმა. მისი დანიშვნით უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლიდან 6 კონსერვატორი იქნება. ის უზენაესი სასამართლოს უკვე მესამე მოსამართლეა, რომელიც დონალდ ტრამპმა შეარჩია.

რუთ ბეიდერ გინსბურგის პროექტორით გამოსახული სურათი ნიუ-იორკის შტატის სამოქალაქო უზენაესი სასამართლოს შენობაზე. 18 სექტემბერი. 

დემოკრატი კანონმდებლების პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ბარეტის დანიშვნა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მოხდა. 2016 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სენატმა უზენაეს სასამართლოს ვაკანტური ადგილის შევსებაზე უარი უთხრა. მაშინ რესპუბლიკელი სენატორები ამბობდნენ, რომ მოსახლეობას არჩევნებზე უნდა გადაეწყვიტა ვის მიანდობდა მოსამართლის შერჩევას. ამჯერად მათი არგუმენტი განსხვავებულია. მათ მიაჩნიათ, რომ ვინაიდან დონალდ ტრამპის პრეზიდენტობასთან ერთად სენატში უმრავლესობას კვლავ რესპუბლიკელები ინარჩუნებენ, ნათელია, რომ აშშ-ს მოსახლეობა მათ ენდობა ასეთ არჩევანში.

მოსმენებზე დემოკრატმა სენატორებმა ემი კონი ბარეტს არაერთი კითხვა დაუსვეს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ისეთ თემებზე, როგორებიცაა აბორტის აკრძალვა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის კანონი, მიგრაცია, დასაქმებულთა უფლებები და გარემოსდაცვითი რეგულაციები. მან კომიტეტს განუცხადა, რომ იმ საქმეებიდან გამომდინარე იმსჯელებს, რაც მას გადაეცემა განსახილველად, ხოლო საკუთარი რელიგიური რწმენა ამაში ხელს არ შეუშლის.

"მოსამართლე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი იქნება, არა მხოლოდ კონგრესის და პრეზიდენტისაგან, არამედ საკუთარი პირადი რწმენისაგან, რაც შეიძლება მას სხვა მხრივ ამოძრავებდეს. მოსამართლის ფიცი ამ მოვალეობას საკუთარ თავში მოიცავს: ყოველთვის უნდა გვამოძრავებდეს კანონის უზენაესობა". – თქვა ბარეტმა ფიცის დადების შემდეგ.

ემი კონი ბარეტი

მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ბარეტის კანდიდატურა სენატში საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებდა, დემოკრატიული პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ უზენაეს სასამართლოში ადგილების დამატებას განიხილავდნენ. ამ საკითხზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავს არიდებენ დემოკრატული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი.

თუმცა, უზენაეს სასამართლოში ადგილების გაზრდა და პარტიული მიზნებით მისი დაკომპლექტება სახიფათოა არაერთი მიზეზის გამო. ეს სასამართლოს ეფექტურობას და სანდოობას შეურყევს საფუძველს. მსგავსი პრეცედენტის დაშვება დემოკრატებისთვის ხანგრძლივ პერიოდში უარყოფით შედეგებს მოიტანს, რადგან მომავლში შესაძლოა ამ მეთოდს მიმართონ რესპუბლიკელებმაც. ასეთი რამ მოხდა მაშინ, როდესაც ობამას პრეზიდენტობის პერიოდში დემოკრატებმა ფედერალურ სასამართლოებში (გარდა უზენაესისა) პრეზიდენტის მიერ დანიშნულ კანდიდატებზე ფილიბასტერი გააუქმეს, რაც იმას გულისხმობდა, რომ მათ ობამას მიერ წარდგენილი მოსამართლის დასამტკიცებლად უბრალოდ უმრავლესობაც ეყოფოდათ. მოგვიანებით, პრეზიდენტ ტრამპის დანიშვნის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ ამ პრეცედენტით იხელმძღვანელა და ფილიბასტერი გააუქმა უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზეც, რამაც მათ შესაძლებლობა მისცა დემოკრატების პროტესტის მიუხედავად დაენიშნათ ჯერ ნილ გორსაჩი, შემდეგ ბრეტ კავანო და ახლა უკვე ემი კონი ბარეტი. დემოკრატების მიერ ქვედა ინსტანციის ფედერალურ სასამართლოებში ფილიბასტერის გაუქმება კი ტრამპმაც გამოიყენა და პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ასზე მეტი მოსამართლე დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მეთოდებისთვის არ მიუმართავთ რესპუბლიკელებს მაშინ, როდესაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან უზენაესი სასამართლო მეტად ლიბერალური იყო და ნიშვნელოვანი პროგრესისტული გადაწყვეტილებები მიიღო. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დემოკრატების უზენაეს სასამართლოში ადგილების გაზრდით იმუქრებიან. მსგავსი რამ მოხდა ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობისასაც, როდესაც მეტწილად კონსერვატორი მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა სასამართლომ მას არაერთი რეფორმა ჩაუგდო. საბოლოოდ რუზველტმა მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც სასამართლომ გარკვეული საკითხები დათმო. მსგავის შეთანხმების მიღწევა ახლაც შესაძლებელია, განსაკუთრებით იმის გათვალიწინებით, რომ კონსერვატორი მოსამართლეების ნაწილი კონსტიტუციაზე დაყრდნობით ლიბერალებისათვის მისაღებ გადაწყვეტილებებს იღებს. მაგალითისათვის შეგვიძლია ავიღოთ სასამართლოს ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აღიარებას ეხებოდა.

ბრეტ კავანო / ჯონ რობერტსი

მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო თამაშრომლის სამსახურიდან განთავისუფლება სამოქალაქო უფლებების კანონს არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერდა არგუმენტს, რომ 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტი არ გულისხმობს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას, თავად ტრამპის მიერ ნომინირებულმა მოსამართლემ ნილ გორსაჩმა ასეთი განმარტება გააკეთა:

"დამსაქმებელი, რომელიც ადამიანს ჰომოსექსუალობის ან ტრანსგენდერობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლებს, ამას იმ ნიშნების და ქმედებების გამო აკეთებს, რასაც ეჭვქვეშ არ დააყენებდა სხვა სქესის ადამიანის შემთხვევაში". შესაბამისად, მან დაასკვნა, რომ ამ ნიშნებით დისკრიმინაცია მოიზარებს სქესის ნიშნით დისკრიმინაციასაც, რაც სამოქალაქო უფლებების აქტში არის გაწერილი.

საკმაო ზომიერებით გამოირჩევა ჯორჯ ბუშ უმცროსის მიერ დანიშნული კონსერვატორი მოსამართლე ჯონ რობერტსიც. ის არაერთხელ შეუერთდა ლიბერალ კოლეგებს ისეთ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ეხებოდა რეპროდუქციულ უფლებებს, Planned Parenthood-ის დაფინანსებას სახელმწიფო ჯანდაცვის მიერ, ლუიზიანას შტატში აბორტზე შეზღუდვების კანონის შეჩერებას და მოგვიანებით გაუქმებას. ლიბერალი კოლეგების მსგავსად ხმა მიუცია ტრამპის მიერ დანიშნულ კიდევ ერთ მოსამართლეს, ბრეტ კავანოსაც. იმ შემთხვევაში, თუ ბარეტი მისი მენტორის, სკალიას მსგავსად მისცემს ხმას უზენაეს სასამართლოში, სწორედ კავანოს პოზიცია გახდება მომავალში გადამწყვეტი. მნიშვნელოვანი იქნება დაიკავებს თუ არა კავანო რობერტსის მსგავსად უფრო ზომიერ პოზიციას, თუ შეუერთდება მეტად კონსერვატორი მოსამართლეების რიგებს.

რესპუბლიკელებისათვის უკვე ათწლეულებია უზენაესი სასამართლოს საკითხი აქტუალურია და ცდილობენ უმრავლესობა კონსერვატორმა მოსამართლეებმა მოიპოვონ. სწორედ სენატის ამჟამინდელმა ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა აქცია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარ თემად უზენაესი სასამართლო და ანტონინ სკალიას შემცვლელის დანიშვნის საკითხი. თუმცა, მაკკონელისგან განსხვავებით ტრამპისათვის ბარეტის დანიშვნას ამჯერად უფრო მეტად პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გადასაწყვეტი იქნება არჩევნების შემდეგ სადავო საკითხები ხმების დათვლასთან დაკავშირებული საკითხები. ტრამპმა არაერთხელ თქვა პირდაპირ, რომ სწორედ არჩევნების გამო იყო მისთვის ბარეტის დანიშვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

დონალდ ტრამპი და ემი კონი ბარეტი

კომენტარები