აშშ-ს უზენაესი სასამართლო

უზენაესმა სასამართლომ უნივერსიტეტებში მიღებისას პოზიტიური დისკრიმინაცია დაასრულა

აშშ-ს უზენაესი სასამართლო

უზენაესმა სასამართლომ უნივერსიტეტებში მიღებისას პოზიტიური დისკრიმინაცია დაასრულა

ამერიკაში საუნივერსიტეტო მიღებისას აპლიკანტების რასის გათვალისწინების ნახევარსაუკონოვანი პრაქტიკა დასრულდა.

უზენაესმა სასამართლომ ორი საქმე განიხილა - სტუდენტები ჰარვარდსა და ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში მიღების კრიტერიუმებს ასაჩივრებდნენ. უმრავლესობის გადაწყვეტილება ჯონ რობერტსმა დაწერა - მის პოზიციას კიდევ 5 კონსერვატორი მოსამართლე იზიარებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სტუდენტების მიღებისას მათი რასის გათვალისწინება არღვევს თანაბარი დაცვის წესს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.

რთული სამართლებრივი ლაბირინთების გარკვევაში მაიკ უენგის ისტორია დაგვეხმარება, რომლის აკადემიური ცხოვრება ილუსტრაციაა იმისა, როგორ იქცა პოზიტიური დისკრიმინაცია აზიელი სტუდენტებისთვის მთავარ გამოწვევად.

მაიკლ უანგი მშობლებთან

2012 წელს, როდესაც უანგმა ჯეიმს ლოგანის საშუალო სკოლა დაასრულა, დარწმუნებული იყო, რომ მან ყველაფერი გააკეთა, რათა საოცნებო უნივერსიტეტებში - ჰარვარდში, იელში, სტენფორდსა და პრინსტონში მიეღოთ. მისი GPA უმაღლესი იყო, ამასთან, შესაშური შედეგი ჰქონდა ეროვნულ გამოცდებში. დამატებით, იყო დებატების გუნდის წარმატებული წევრი და მისი სკოლის მათემატიკის სკოლის თანადამფუძნებელი. უკრავდა ფორტეპიანოზე, მღეროდა იმ გუნდში, რომელსაც კონცერტი გაუმართავს სან ფრანცისკოს ოპერასთან ერთად და ბარაკ ობამას ინაუგურაციაზეც შეუსრულებია ნომერი.

უანგს იმედები გაუცრუვდა: აივის ლიგის ყველა უნივერსიტეტმა უარი უთხრა. მისთვის მთავარ კითხვად რჩებოდა, თუ რისი გაკეთება შეეძლო დამატებით. მისი მტკიცებით, თანაკლასელებს, რომლებიც პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოხვდნენ, მასზე ნაკლები გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა ლათინოები ან შავკანიანები იყვნენ.

უანგმა გადაწყვიტა, უნივერსიტეტების შერჩევა გამოეძიებინა და, საბოლოოდ, მათთვის ეჩივლა. 

უანგის საჩივრის შესახებ 2014 წლის ივლისამდე ცოტა ადამიანმა იცოდა. მას შემდეგ, რაც სტატია დაწერა, სადაც ისაუბრა ბრაზზე, რომელსაც აზიელი ამერიკელები უსამართლო სტანდარტების მიმართ გრძნობდნენ, სიტუაცია შეიცვალა: მისი ისტორია აქტიურად გაშუქდა. კონსერვატორი აქტივისტის, ჯეიმს ბლუმის დახმარებით უანგმა ჰარვარდის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

რა თქვა სასამართლომ?

სასამართლომ იმისათვის, რომ დაადგინოს, რამდენად სამართლებრივია უნივერსიტეტების მიერ რასობრივი კლასიფიკაციის გამოყენება, უნდა უპასუხოს ორ კითხვას: პირველი - ეს პრაქტიკა ემსახურება თუ არა "არსებით ინტერესს" და მეორე - რამდენად არის ეს უკანასკნელი მიზნის მიღწევის ერთადერთი გამართლებული საშუალება. მოსამართლე რობერტსი წერს, რომ უნივერსიტეტის მხრიდან მიღებისას პოზიტიური დისკრიმინაცია ტესტის ვერცერთ ნაწილს ვერ აკმაყოფილებს.

გუშინდელ დღემდე სასამართლო უნივერსიტეტის სწრაფვას, ჰქონოდა რასობრივად მრავალფეროვანი კამპუსი, "არსებით ინტერესად" მიიჩნევდა. თუმცა, რობერტსმა აღნიშნა, რომ მართალია, სკოლების ინტერესი, შექმნან ჭრელი გარემო, "მისასალმებელია", თუმცა არათანმიმდევრულია ამის გაწერილი წესებით მიღწევა, რადგან გაურკვეველია, როგორ გავზომავთ მიზნის მიღწევას, როგორ უნდა გავიგოთ, როდის უნდა დასრულდეს რასის ფაქტორად გამოყენება. 

რაც შეეხება ტესტს - რამდენადაა კანონი მიზნის მიღწევის ერთადერთი გამართლებული საშუალება, ამასთან დაკავშირებით რობერტსი წერს, რომ აპლიკანტის რასა არაფერს გვეუბნება მის ინტერესებთან დაკავშირებით. იგი განმარტავს, რომ შავკანიანი, ლათინო და აზიელი ამერიკელები მრავალფეროვანი ეთნიკური ჯგუფებია. ილუსტრაციისთვის, მოსამართლე რობერტსი ერთმანეთს ადარებს ორ ჰიპოთეტურ მაგალითს - საუნივერსიტეტო კურს, სადაც 15% მექსიკელია და კურსს, სადაც 10% სტუდენტებისა ლათინო ამერიკის სხვადასხვა ქვეყნიდანაა. უკვე გაუქმებული მიდგომით უნივერსიტეტები პირველს აირჩევდნენ, მაშინ, როცა მეორე აშკარად უფრო მრავალფეროვან საუნივერსიტეტო სივრცეს გვაძლევს.

მოსამართლე რობერტსისთვის ასევე პრობლემური აღმოჩნდა ჰარვარდის მტკიცება, რომ რასის, როგორც ერთისთვის “უპირატესობად” მიჩნევა, სულაც არ არის შემაფერხებელი სხვა განმცხადებლისთვის. ამის გასაბათილებლად მოსამართლე შენიშნავს, რომ სწორედ პოზიტიურმა დისკრიმინაციამ გამოიწვია ამერიკულ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აზიელი ამერიკელების მიღების მნიშვნელოვანი შემცირება. “რაღაც ნიშნით ზოგიერთი აპლიკანტისთვის უპირატესობის მინიჭება, ზოგისთვის კი არა, აუცილებლად არგებს პირველ ჯგუფს ამ უკანასკნელის ხარჯზე”. - შენიშნავს მოსამართლე. 

კლარენს ტომასი იელის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის დასრულების ცერემონიაზე. მან რასობრივ კატეგორიზაციაზე ღელვა ჯერ კიდევ ბაკალავრიატის სწავლისას დაიწყო

სასამართლო გადაწყვეტილების ბოლოს მოსამართლემ განმარტა, რომ ”ამ მოსაზრებაში არაფერი არ უნდა გავიგოთ, როგორც აკრძალვა უნივერსიტეტებისთვის, განიხილონ განმცხადებლის პოზიცია იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა რასამ მის ცხოვრებაზე". რობერტსი ხაზგასმით წერს, რომ მნიშვნელოვანია სტუდენტის არა რასა, არამედ მისი ინდივიდუალური გამოცდილება. და, რა თქმა უნდა, ცხადია, შესაძლოა, ამ უკანასკნელზე გავლენა პირველმა მოახდინოს. 

"ეს გულგრილობის გამოვლინებაა"

გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში ორი შავკანიანი მოსამართლის იდეოლოგიური დაპირისპირება მოჰყვა: მოსამართლეები კლარენს თომასი და კეტანი ბრაუნ ჯექსონი უჩვეულოდ მკაცრნი იყვნენ ერთმანეთის მიმართ.

თომასი, რომელიც 1991 წელს უზენაესი სასამართლოს მეორე შავკანიანი მოსამართლე გახდა, დიდი ხანია პოზიტიური დისკრიმინაციის გაუქმების მხარდაჭერია. ამის საპირისპიროდ, პირველი შავკანიანი ქალი მოსამართლე სასამართლოს გადაწყვეტილებას "გულგრილობის გამოვლინებად" აფასებს. 

“ეს გულგრილობის გამოვლინებაა - “თუ ხალხს პური არა აქვს - დაე, ტორტი შეჭამოს" მიმართება. დღეს უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და გასცა განკარგულება, რომ კანონის წინაშე ფერი არაფერს ნიშნავს. თუმცა ის ფაქტი, რომ სამართლებრივად რასობრივ ფაქტორს არარელევანტურად გამოაცხადებ, არ ნიშნავს, რომ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ასეა”. - ამბობს კეტანი ბრაუნ ჯექსონი. 

თომასმა ადრეც აღიარა, რომ იელის იურიდიულ სკოლაში პოზიტიური დისკრიმინაციის გამო მოხვდა, მაგრამ ის დიდი ხანი აკრიტიკებდა ამ პოლიტიკას. მან პირადი ისტორიით ახნა, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა პოზიტიურ დისკრიმინაციას - "უმართავი, რასაზე დაფუძნებული პრეფერენციები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს უნივერსიტეტებში კონკრეტული რასობრივი ნაზავი". 

"შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ისინი, ვინც მოგვიწოდებენ, არ ვიფიქროთ რასაზე (ე.წ. ვარდისფერი სპილოს პარადოქსი), უარს ამბობენ ოთახში სპილოს დანახვაზე - რასასთან დაკავშირებული უთანასწორობა, რომელიც კვლავ აფერხებს ჩვენი დიდებული ერის სრული პოტენციალის გამოვლენას". - აღნიშნა ჯექსონმა კლარენსის პასუხად. 

თომასი დაუფარავად უტევს ჯექსონის კრიტიკას. 

"უარესი, მოსამართლე ჯექსონი იყენებს თავის ფართო დაკვირვებებს რასის ჯანმრთელობასთან, სიმდიდრესა და კეთილდღეობასთან მიმართებით - შერჩეულ სტატისტიკურ საზომებს, რათა ყველა შავკანიანი მსხვერპლად გამოიყვანოს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ სჩადის ამას". - წერს თომასი.

კომენტარები