აშშ-ს უზენაესი სასამართლო

რას შეცვლის უზენაესი სასამართლოს პირველი შავკანიანი ქალი მოსამართლე?

აშშ-ს უზენაესი სასამართლო

რას შეცვლის უზენაესი სასამართლოს პირველი შავკანიანი ქალი მოსამართლე?

7 აპრილს სენატმა პრეზიდენტ ბაიდენის წარდგენილ კეტანი ბრაუნ ჯექსონს ორპარტიულად გამოუცხადა მხარდაჭერა. რესპუბლიკელი პრეზიდენტების მიერ ნომინირებული მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში კვლავ უმრავლესობას წარმოადგენენ: ექვსი სამის პირისპირ, შესაბამისად, მოსამართლე ჯექსონის დამტკიცება სასამართლო ბალანსს ვერ ცვლის.  

გადაწყვეტილების ისტორიულობა ეჭვგარეშეა - უზენაეს სასამართლოში შავკანიანი ქალი პირველად ზის, ხოლო პასუხი  მთავარ კითხვაზე, თუ ბალანსს ვერა, მაშინ რას შეცვლის ახალი მოსამართლე, მის სამართლებრივ ფილოსოფიაში უნდა ვეძებოთ. 

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს სისტემაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია, ვდისტანცირდეთ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ურთიერთობის ქართული გამოცდილებისგან. გვაქვს რა დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის მხოლოდ 34-წლიანი ისტორია (ისიც წყვეტით - სამი წელი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, დარჩენილი კი - 1991 წლიდან) ჩვენთან ნაკლებად არსებობს ისტორიული სამართლებრივი დოკუმენტები, რომელთა ინტერპრეტაციისათვის “დამფუძნებელი მამების” სახელმწიფოებრივი აზროვნების, მიზნების, სურვილებისა და  სწრაფვის განსაზღვრა გვიწევს. ჩვენი კონსტიტუცია მრავალჯერ შეცვლილი და გადაწერილია. 

ამერიკაში ინდივიდის თავისუფლებისა და შტოთა კონტროლისა და ბალანსის გარანტი 1787 წელს მიღებული კონსტიტუციაა, რომელიც 250 წლის განმავლობაში მხოლოდ ოცდაშვიდჯერ შეიცვალა. პრეზიდენტის მიერ ნომინირებულსა და სენატის მიერ დამტკიცებულ ცხრა მოსამართლეს  აქვს უფლება, დაადგინოს, რამდენად შეესაბამება კონგრესის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები კონსტიტუციას და საბოლოო სიტყვა თქვას ისეთ სადავო საკითხებზე, როგორებიცაა აბორტი, ქორწინება, საყოველთაო ჯანდაცვა, მიგრაცია, ხმის მიცემის უფლება თუ სიტყვის თავისუფლების საზღვრები.

ჯორჯ ვაშინგტონი მიმართავს საკონსტიტუციო კონვენტს, ჯუნიუს ბრუტუს სტერნსი, 1856 წელი

კონსტიტუციის ინტერპრეტირებისას მოსამართლეთა ერთი ნაწილი ტექსტის იმგვარ გაგებას ანიჭებს უპირატესობას, რომელიც იმ დროს ჰქონდა, როცა ის დაიწერა, მეორეს კი მასში მეტად შეაქვს თანამედროვეობის კონტექსტი. ამ უკანასკნელთა  გავლენით, ანუ ტექსტის მნიშვნელობის გაფართოების შედეგად, ბოლო ასი წელია, არც ერთ ინსიტიტუტს არ შეუცვლია ამერიკელთა ყოველდღიურობა ისე, როგორც უზენაეს სასამართლოს. 

სწორედ ამ ინსტიტუტის ნაწილი გახდა მოსამართლე ჯექსონი და  სხვა 8 მოსამართლესთან ერთად განაგრძობს სადავო საქმებიის განხილვას, კონსტიტუციის ინტერპრეტაციასა და ამერიკელთა ცხოვრების ყოველდღიურობის ცვლას.

სამართლის ფილოსოფიის ძიებაში

თუ როგორ წაიკითხავს, როგორ გაიგებს და რა მეთოდს გამოიყენებს მოსამართლე კონსტიტუციის განმარტებისას, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მის სამართლებრივ ფილოსოფიაზე. იგი ერთგვარი სათვალეა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისას ირგებს და ამ სათვალიდან ერთი წინადადება, ერთი სიტყვაც კი, სრულიად განსხვავებულ შინაარსს შეიძლება იძენდეს. 

მაგალითისთვის, პრაგმატისტი მოსამართლე სტივენ  ბრეიერი ორიგინალისტ ანტონინ სკალიასთან 18 წლამდე დამნაშავის სიკვდილის დასჯის კონსტიტუციობის შესახებ კამათისას შენიშნავს, რომ კონსტიტუცია მისთვის აღიქმება, როგორც ღირებულებითი მემკვიდრეობა. ანუ დამფუძნებელი მამების მიერ კონსტიტუციაში მოცემული “სასტიკი და შეუსაბამო სასჯელი” მნიშვნელობადაცლილი ღირებულებაა, რომელსაც ახალი შინაარსი ახლადშეთანხმებულმა მორალურმა ფასეულობებმა უნდა შთაბეროს. 

ბრეიერის პრაგმატული სამართლებრივი ფილოსოფიით, მართალია, მეთვრამეტე საუკუნეში “სასტიკი და შეუსაბამო სასჯელის” მიღმა სიკვდილით დასჯა არ მოიაზრებოდა, მაგრამ დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, საზოგადოების მორალური ევოლუციის გათვალისწინებით გვაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ სიკვდილით დასჯა შეუსაბამო სასჯელად და აქედან გამომდინარე, არაკონსტიტუციურად ვცნოთ.

ანტონიო სკალიასთვის კი, კონსტიტუცია დღევანდელი საზოგადოების სურვილების შეზღუდვის მექანიზმია. შესაბამისად, ორიგინალისტი მოსამართლისთვის არა თუ საკუთარი ან საზოგადო მორალური კრედოა მნიშვნელოვანი, არამედ, საგულისხმოა დამფუძნებელი მამების მიზნები (და არაფერი მეტი) კონსტიტუციის წერისას. 

გასულ წელს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევისას, კეტანი ბრაუნ ჯექსონმა თქვა, რომ საკუთარი სამართლის ფილოსოფია განსაზღვრული არ აქვს. მიუხედავად ამისა, მისი გადაწყვეტილებებით, პროფესიული და აკადემიური გამოცდილებით - შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა სამართლებრივ ტრადიციას გაიზიარებს მოსამართლე ჯექსონი. 

უზენაესის მოსამართლე კვოტით - მრავალფეროვნების მირაჟი

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, საპრეზიდენტო თუ კონგრესის შუალედური არჩევნების დროს სავარაუდო მოსამართლეთა განხილვა კანდიდატთა კამპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ჩვეულებას ჯო ბაიდენმაც არ უღალატა და წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ნომინირება მოუწევდა, აუცილებლად შავკანიან ქალ კანდიდატს შეარჩევდა. სანდრა დეი ო’კონორისა და ემი კონი ბერეტის არჩევამდეც, პრეზიდენტებმა, რეიგანმა და ტრამპმა, ნომინანტთა სია სქესით შემოსაზღვრეს.

აქცია უზენაესი სასამართლოს წინ. მანქანაზე წარწერა: “ბრეიერ, გადადექი. დრო მოვიდა, რომ შავკანიანი ქალი იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. გასაფლანგი დრო აღარაა”. ბაიდენმა ჯექსონი სტივენ ბრეიერის შემცვლელად თებერვალში დაასახელა.

1789 წლიდან დღემდე, შერჩეული 115 მოსამართლიდან 108 თეთრკანიანი მამაკაცი იყო. ჯერ ქალ, შემდეგ შავკანიან კანდიდატთა დაანონსება მრავალფეროვნების მნიშვნელობითა და განსხვავებულ მოსამართლეთა ზრდის აუცილებლობით ხსნიან - "ამერიკის ინსტიტუტები ამერიკას უნდა ჰგავდეს".

ბაიდენმა შეასრულა პირობა:  მოსამართლეების 2%-დან (ანუ შავკანიანი ქალებიდან) ერთი 116-ე მოსამართლედ შეარჩია. ჩნდება კითხვა, რა იცვლება იმით, რომ მოსამართლე ჯექსონი არათუ თეთრკანიანი მამაკაცი, არამედ შავკანიანი ქალია?

აკადემიური და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, თითქმის არაფერი. ცხრავე მოსამართლის curriculum vitae (CV) ერთმანეთისგან თითქმის განურჩეველია. 

ბენჯამინ ჰ. ბარტონი წიგნში The Credentialed Court ამ თაობის მოსამართლეებს წმინდასისხლიანებს ეძახის. ავტორის თქმით, ამერიკის უზენაეს სასამართლოში ვეღარ შეხვდებით სამხედრო ვეტერანებს ან სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს. ყველანი აკადემიის წარმატებული პირმშონი არიან და მათ საკუთარი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ჩაკეტილ ელიტურ წრეში გაატარეს. 

თითოეული მათგანი სწავლობდა უმაღლესი ლიგის უნივერსიტეტში (კონი ბერეტის გარდა, ყველას ან ჰარვარდის ან იელის სამართლის სკოლა აქვს დამთავრებული) - ჯექსონიც ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულია; მოსამართლეთა დიდი ნაწილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კლერკი იყო და მეტიც - ზოგიერთმა ის მოსამართლე შეცვალა, ვისი თანაშემწეც თავად იყო. მსგავსად, ჯექსონიც თავისი წინამორბედის, ბრეიერის თანაშემწედ მუშაობდა. მოსამართლეთა უმეტესობა დიდი ქალაქების ცენტრში (უმეტესად აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე) დაიბადა. მათ ძირითად ნაწილს იურისტი მშობლები ჰყავდა და თავად უზენაესის  მოსამართლეობამდე ან სამართალს ასწავლიდნენ ან საჯარო სამართლის იურისტები იყვნენ. მოსამართლე ჯექსონი ორივე  კრიტერიუმს აკმაყოფილებს - ვაშინგტონში დაიბადა და მაიამიში გაიზარდა, ხოლო მამამისი იურისტი იყო.  თავად 2021 წელს ორპარტიული მხარდაჭერით  აშშ-ს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, მანამდე კი, რვა წელი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში მსახურობდა.

მთავარი მიზეზი, რამაც მოსამართლეები წმინდასისხლიანებად, “წინა მერხის მოსწავლეებად” აქცია, თანდათან მზარდი სამართლებრივი ინტერპრეტაციაა, რამაც სასამართლო მსაჯულიდან - პოლიტიკის ფსევდოშემოქმედად აქცია. მაგალითისთვის, სწორედ უზენაესმა სასამართლომ გაუქმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. მოსამართლეები მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშეებად გადაიქცნენ, შესაბამისად, პრეზიდენტი კანდიდატის ნომინირებისას ამომრჩეველთა ინტერესსაც ითვალისწინებს და ცდილობს, სენატის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, აარჩიოს ისეთი კანდიდატი, რომლის სამსახურებრივი და პროფესიული კრიტიკა რთული იქნება. მოსამართლე ჯექსონის ნომინირება ამის კარგი ილუსტრაციაა: რეიტინგდაცემულმა პრეზიდენტმა შავკანიან ქალთა შორის ყველაზე მეტად მემარცხენე, ამომრჩევლისთვის მეტად მისაღები კანდიდატი შეარჩია, რომელიც აკადემიურად და პროფესიული გამოცდილებით არც ერთ სხვა მოსამართლეს არ ჩამოუვარდება.

შესაბამისად, მანამ, სანამ მოსამართლეები არა მარტო შეამოწმებენ, არამედ თავადაც შექმნიან კანონებს, პრეზიდენტები ერთნაირი ბიოგრაფიის კანდიდატებს შეარჩევენ და მათ შორის გამოცდილების თვალისაზრისით განსხვავების პოვნა რთული იქნება. ვერანაირი ხელოვნური ჩარევა - განსხვავებული რასის, წარმომავლობისა თუ სქესის მოსამართლის ხელოვნური ჩამატება პროცესს ვერ შეცვლის. მხოლოდ მრავალფეროვნების მირაჟს შექმნის, რომელიც სინამდვილეში არ გამოსახავს ამერიკას.  

მოსამართლეების ბოლოს გადაღებულ ფოტოზე დაინახავთ სამ ქალს, მათგან ერთს ლათინოამერიკელს, ერთ შავკანიან კაცს, რამდენიმე კათოლიკესა და ებრაელს. უკვე ახალ ფოტოზე კიდევ ერთი თეთრკანიანი მამაკაცი ჩანაცვლდება განსხვავებულით - შავკანიანი ქალით. თუმცა, სამართლის პროფესორის, გრენ ჰარლან რეინოლდის სიტყვებით რომ ვთქვათ, "მართალია, სახის მრავალფეროვნებით თანამედროვე სასამართლო იმარჯვებს, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილებით, წინა სასამართლო (Chase Court), ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყო - გენდერისა და სქესის მიღმა, მათ ერთმანეთისგან "განსხვავებული ცხოვრებათა გამოცდილება ჰქონდათ".

რა თქმა უნდა, გენდერული, რასობრივი თუ სხვა განსხვავებები ადამიანის გამოცდილებებს მნიშვნელოვნად განასხვავებს, მაგრამ ამ მრავალფეროვნების მეორე მხარეს, არსებობს ამაზე ძლიერი და ყოვლისმომცველი, ელიტისტური ერთფეროვნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბოლო ფოტო, Fred Schilling, Collection of the Supreme Court of the United States

სახაზინო ადვოკატი

საგულისხმოა, რომ არაერთი მსგავსების მიუხედავად, სხვა მოსამართლეებისგან განსხვავებით, ჯექსონი ყოფილი სახაზინო ადვოკატია  (2005-2007 წლები). კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს სასამართლოზე დაცვის უფლება. სახელმწიფო მათ, ვისაც თავად არ შეუძლია ადვოკატის აყვანა, უზრუნველყოფს უფასო იურიდიული დახმარებით - ე.წ სახაზინო ადვოკატით. 

"ის მოვლენებს სხვადასხვა პერსპექტივით აფასებს, მას შეუძლია, სხვისი თვალით დაინახოს სამყარო და გაუგოს სხვას" - აღნიშნა მოსამართლე ბრეიერმა ჯექსონის კლერკად არჩევისას 

როგორც ჩანს, ბაიდენი, ერთ დროს  თავადაც სახაზინო ადვოკატი, მოსამართლეთა ნომინირებისას უპირატესობას სწორედ ყოფილ კოლეგებს  ანიჭებს. მართალია, ჯექსონი ბაიდენის მიერ შერჩეული უზენაესი სასამართლოს პირველი კანდიდატია, მაგრამ პრეზიდენტმა მანამდე ფედერალური სასამართლოს 22-მდე კანდიდატი შეარჩია, რაც სხვა ახლადარჩეულ პრეზიდენტებთან შედარებით, ნიქსონის შემდეგ, ყველაზე მეტია.

რას აქცევდა ბაიდენის ადმინისტრაცია მოსამართლეთა არჩევისას  ყურადღებას, საუკეთესოდ დემოკრატი სენატორის რემუსის წერილში ჩანს, სადაც ვკითხულობთ: "აშშ-ს რაიონული სასამართლოს პოზიციებთან დაკავშირებით, ჩვენ განსაკუთრებით ორიენტირებულები ვართ იმ პირების დასახელებაზე, რომელთა იურიდიული გამოცდილება ისტორიულად ნაკლებად იყო წარმოდგენილი ფედერალურ სასამართლოში, მათ შორის, ვინც არიან საჯარო დამცველები, სამოქალაქო უფლებებისა და იურიდიული დახმარების ადვოკატები და ისინი, ვინც ცხოვრების ყველა სფეროში ამერიკელებს წარმოადგენენ".

კანდიდატებისთვის დაწესებულ პრეზიდენტის კრიტერიუმებს რესპუბლიკელი სენატორები კრიტიკულად შეხვდნენ. მათი მოსაზრებით, სახაზინო ადვოკატთა უმრავლესობა კრიმინალურ საქმიანობას შედარებით რბილად უდგება. დემოკრატები კი რესპუბლიკელებს ბრალს სდებენ, რომ პოლიტიკური წარმატებისთვის ყოფილ სახალხო დამცველთა კანდიდატურის კრიტიკით უსამართლოდ აძლიერებენ ცრუ ხატს, თითქოს ბაიდენის ადმინისტრაცია დანაშაულის მიმართ ლმობიერია.

კონგრესში მოსამართლე ჯექსონის მოსმენებისას კანდიდატისთვის კითხვათა უმეტესობა სწორედ მის სახაზინო ადვოკატობის პერიოდს დაეთმო. რესპუბლიკელი კანონშემოქმედები, ასევე, ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე ჯექსონი რბილად უდგება კრიმინალურ დანაშაულებს. ამის საილუსტრაციოდ კი, მის მიერ ბავშვთა პორნოგრაფიაში ბრალდებულთა გასამართლება მოჰყავდათ. ჯექსონმა 11 მსგავსი საქმე განიხილა და თერთმეტივეში ბრალდებულს კანონით გათვალისწინებული მინიმუმი, 5 წელი ან საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა მიუსაჯა. რესპუბლიკელების მტკიცებით, სწორედ ეს საქმეებია ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ლმობიერია მოსამართლე ჯექსონი კრიმინალის მიმართ. 

WSJ-ის კვლევის მიხედვით, კონსერვატორთა წუხილები რეალობას მოკლებული სულაც არაა. მართალია, დანაშაულის იგივე დონისა და კრიმინალური ისტორიის მქონე ბრალდებულების შედარებითი ანალიზით, ჯექსონის დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელი ემთხვევა ვაშინგტონის ოლქის მედიანას ან მეტიც, სცდება კიდეც მას. თუმცა, სრული სურათის გათვალისწინებით - მოსამართლე ჯექსონმა ბავშვთა პორნოგრაფიაში ბრალდებულთა საქმეების 2/3 -ში დამნაშავეს ქვეყნის მედიანაზე ნაკლები მიუსაჯა. 

რესპუბლიკელთა კრიტიკას საფუძველში  უესლი ჰოკინსის საქმე  ედო: 18 წლის ბრალდებულმა 2013 წელს აღიარა, რომ ფლობდა ბავშვთა პორნოგრაფიას. პროკურორებმა მოითხოვეს ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა. პრობაციის დეპარტამენტმა რეკომენდაცია შედარებით ნაკლებს, 18-თვიან სასჯელს, გაუწია. მოსამართლე ჯექსონმა კი, დამნაშავეს სამთვიანი პატიმრობა და ექვსწლიანი ზედამხედველობა შეუფარდა. 

“თქვენ მას მხოლოდ სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეთ, მაინტერესებს, ნანობთ თქვენს გადაწყვეტილებას?”. - კანდიდატს ჰკითხა სენატორმა ჯოშ ჰუელმა. 

ამასთანავე, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სახაზინო ადვოკატთა დიდი ნაწილი პოლიტიკურად მკვეთრად მარცხნივ იხრება. აღნიშნულს  ჰარვარდის სამართლის სკოლის მიერ 1 300 სახელმწიფო დამცველზე (სახაზინო ადვოკატზე) ჩატარებული კვლევა ადასტურებს. ანალიტიკოსებმა გადაწყვიტეს, დაედგინათ სახაზინო ადვოკატების საშუალო CFscore. 

CFscore მაჩვენებელია, რომელიც პოლიტიკურ კამპანიებში კონტრიბუციის გათვალისწინებით დგინდება. შესადარებლად აღებულია ერთი რიცხვი - პირობითად ნული. მისგან მარცნივ დაშორება - უკიდურესი წერტილი - 2,  აჩვენებს მემარცხენე იდეოლოგიისკენ მიდრეკილებას, მისი მარჯვნივ დაშორება, უკიდურესი წერტილი 2, კი მემარჯვენე იდეოლოგიისადმი ერთგულებას.

კვლევამ აჩვენა, რომ შერჩეულთა საშუალო CFscore  დაახლოებით - 1.00 (ემთხვევა ჰილარი კლინტონის CFscore-ს), თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახაზინო ადვოკატთა ნაწილი კიდევ უფრო რადიკალურ მარცხენა ფრთაზე თავსდება. მეტიც, ანალიზის შედეგად, პროფესიაში CFscore მოდა (ყველაზე ხშირად განმეორებადი რიცხვი) -1.5 უტოლდება (დაახლოებით ემთხვევა ბერნი სანდერს). 

კონგრესში მოსმენისას კანდიდატმა უარი თქვა ქალის განმარტებაზე, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის ზრდისა და კრიტიკული რასის თეორიის შესახებ კითხვები თავიდან აირიდა.

"მე ბიოლოგი არ ვარ" - რატომ ვერ (არ) განმარტა ქალმა მოსამართლემ, რას ნიშნავს ქალი

რამდენიმე წლის წინ უჩვეულო იქნებოდა სენატორი ბლექბარნის კითხვა მოსამართლე ჯექსონისადმი: "შეგიძლიათ, განმარტოთ სიტყვა ქალი?" თუმცა დღეს, ჯერ კითხვამ და შემდეგ მოსამართლე ჯექსონის პასუხმა: "მე ბიოლოგი არ ვარ" დიდი დავა გამოიწვია ამერიკის პოლიტიკურ სპექტრში. 

ამერიკის მიღმა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში მცხოვრებისთვის, კვლავ უცნაურია, სახელმწიფო ინსტიტუტში ქალი სენატორი, ასევე ქალ კანდიდატს - ამ სიტყვის განმარტებას სთხოვდეს და კიდევ უფრო უცნაურია, კითხვაზე პასუხს ვერ იღებდეს. 

ამ დაბნეულობის სათავე ე.წ. ვოუქიზმია. სოციო-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მემარცხენე უნივერსიტეტებში იშვა და უმცირესობების უფლებების შესახებ საჯარო დებატის ექსტრემისტული მიმართულებით გარდაქმნის მცდელობას წარმოადგენს. ვოუქიზმის მთავარი დაშვება მარქსისტულია - მათი აზრით, არსებობს ჩაგრული ჯგუფი, რომელსაც სისტემურად ავიწროებს არა მხოლოდ ხელისუფალი, არამედ საზოგადოება, კულტურა. გენდერულ და სექსუალური უმცირესობათა დაცვის მიზნის ბაირაღით იქმნება ლინგვისტიკური ბარიერები - ემატება ახალი სიტყვები, ხოლო ძველებს მნიშვნელობები ან ეცვლება, ან ფერმკრთალდება. ამიტომ გახდა ქალის განსამარტად ბიოლოგი საჭირო.

მოსამართლე ქეტანჯი ბრაუნ ჯექსონი ატირდა სენატორი კორი ბუკერის სიტყვაზე. შავკანინანმა სენატორმა შავკანიან კანდიდატს უთხრა, რომ ბედნიერია, რადგან ისტორიული დღის მომსწრეა. "მე დღეს თქვენში დედაჩემს, ჩემს ბიძაშვილებს ვხედავ".- თქვა ბუკერმა.

პასუხით - "მე ბიოლოგი არ ვარ", რესპუბლიკელი კრიტიკოსების აზრით მოსამართლე ჯექსონმა გამოკვეთა, რომ ქალისა და კაცის ე.წ. ტრადიციულ სამართლებრივ გაგებას არ იზიარებს. მიუხედავად ამისა, ჯექსონს კრიტიკა შეხვდა რადიკალური მემარცხენე ჯგუფებისგანაც, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ "ქალის" დეფინიცია არა მხოლოდ ბიოლოგიაში, არამედ სოციალურ კონსტრუქციებში უნდა ვეძებოთ. 

როგორც დასაწყისშვე ითქვა, მოსამართლე ჯექსონს სამართლის ფილოსოფია არ აქვს, - რაც უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი მოსამართლე ბრეიერის კლერკი იყო. ახლა უკვე, როგორც უზენაესი სასამართლოს პირველ შავკანიან ქალ მოსამართლეს, მოუწევს, გამოკვეთოს საკუთარი სამართლებრივი ფილოსოფია, რომელშიც  დიდი ალბათობით, სახალხო დამცველის ხაზი არ დაიკარგება, მოსამართლე ჯექსონი მემარცხენეთა ბანაკს შეუერთდება და, სავარაუდოდ, პროგრესისტი კოლეგა ქალების - სონია სოტომაიორისა და ელენა კაგანიის პოზიციებს დაუახლოვდება.

კომენტარები