თბილისის მერია

კალაძე: ვაკეში ზონალურ-საათობრივი პარკირების საინფორმაციო პავილიონები მოეწყო

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვაკის რაიონში, ფალიაშვილის, აბაშიძისა და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით საინფორმაციო პავილიონები მოეწყო, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასო პარკირებით სარგებლობისთვის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შეუძლია. 

"ჩვენ უკვე კონკრეტულ უბნებში დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და ბევრი ადამიანი სარგებლობს. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ზოგადად, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველაფერი, რისგანაც შედგება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, იყოს მოწესრიგებული". – თქვა კალაძემ. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკეში ზონალურ-საათობრივი პარკირება 20 ნოემბრიდან ამოქმედდება. 1 საათის ღირებულება 1 ლარი იქნება, პირველი 15 წუთი კი - უფასო.  

კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირებით უფასოდ ისარგებლებენ შშმ პირები, ელექტრომობილების მფლობელები, ადგილობრივი მოსახლეობა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლები.

კომენტარები