არქეოლოგია

პერუში კატის ფორმის 2000 წლის გიგანტური გამოსახულება აღმოაჩინეს

სამხრეთ პერუში კატის 2000 წლის უზარმაზარი გამოსახულება აღმოაჩინეს. ახალაღმოჩენილი გამოსახულება შეუერთდა ასეულობით ზოომორფული ნახაზების რიგს, რომელიც გასული საუკუნის განმავლობაში რეგიონის ლანდშაფტზე აღმოაჩინეს. 36 მეტრის სიგრძის ანტიკური გეოგლიფი პერუს იდუმალი ნახაზების, ე.წ. "ნასკას ხაზების" ნამუშევრების ნაწილია. ნახაზებს შორისაა კოლიბრის, მაიმუნისა და ვარხვის გამოსახულებები.

აღმოჩენა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაკეთდა. "ნახაზი თითქმის არ ჩანდა, ციცაბო ფერდობზე მდებარეობისა და ბუნებრივი ეროზიის გამო სადაცაა, გაქრებოდა. გამწმენდი და შემნახველი სამუშაოების შემდეგ არქეოლოგებმა გამოააშკარავეს 30-40 სანტიმეტრის სიგანის ხაზების რიგი. ნიმუშის სტილი გვაფიქრებინებს, რომ ის შეიქმნა, დაახლოებით, ძვ.წ. 200-100 წელს გვიანდელი პარაკასის პერიოდში. კატისებრთა წარმომადგენელის ასეთი წარმოჩენა ხშირია პარაკასის საზოგადოების კერამიკაში და ქსოვილებში". – წერია პერუს კულტურის სამინისტროს პრეს-რელიზში. 

"ნასკას ხაზები მსოფლიოში გეოგლიფების ყველაზე გამორჩეული ჯგუფია, რომელიც შეუდარებელია თავისი მასშტაბებით, რაოდენობით, ზომითა და კულტურული ტრადიციით. ხაზების კონცენტრაცია და ურთიერთგანლაგება, ისევე როგორც კულტურული უწყვეტობა მეტყველებს, რომ ეს მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი აქტივობა იყო, რომელიც დაახლოებით, ათასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა". – წერია იუნესკოს საიტზე.

 

 

კომენტარები