ოზურგეთი

ოზურგეთის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა, 80-მდე ბავშვს ენტეროვირუსის ნიშნები აქვს

ტაბულა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა, რადგან 80-მდე ბავშვს ენტეროვირუსის ნიშნები აღმოაჩნდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შაბათს ერთ-ერთ ბაღში რამდენიმე ბავშვს აღენიშნებოდა დიარეის ნიშნები. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბაღების გაერთიანებამ დაიწყო მოკვლევა იყო თუ არა სხვა ბაღებში მსგავსი შემთხვევები. მერიაში 11 ბაღიდან შევიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე აღსაზრდელს გამოუვლინდა სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები.

"დაზუსტებული ინფორმაციით სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ ერთი. ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი სახლში აგრძელებს მკურნალობას". – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ოზურგეთის მერიაში განმარტავენ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით 2 დღით ადრე შევიდა.

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში სკოლამდელი სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბერს განახლდა.

კომენტარები