გიორგი შაქარაშვილის საქმე

პროკურორი: შაქარაშვილი წყალში ხუთივემ ჩააგდო, ვისაც ბრალი აქვს წაყენებული

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ შაქარაშვილი მდინარეში ჩააგდო ხუთივე პირმა, რომელთაც ბრალი განზრახ მკვლელობისთვის აქვთ წაყენებული. 

"ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, როგორ გარბოდა გიორგი შაქარაშვილი. მოწმეები არიან ადგილზე. დასტურდება, ასევე, ის ფაქტი, რომ გიორგი შაქარაშვილს ჩაჰყვნენ ხიდის ქვეშ ტერიტორიაზე. ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული მკვლელობაში, ამ ხუთმა ადამიანმა ჩააგდო გიორგი შაქარაშვილი წყალში." - ამბობს ყაზარაშვილი.

პროკურორის ინფორმაციით, დღეს ის პოლიციელი დაიკითხება, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს მერსედესისა და ტოიოტას მარკის მანქანებს უკან მიჰყვებოდა. ასევე, მისივე თქმით, დღეს საქმეზე დაიკითხება წვეულების ერთ-ერთი მონაწილეც. 

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 11 სრულწლოვანია.

კომენტარები