გიორგი შაქარაშვილის საქმე

პროკურატურა: შაქარაშვილის საქმეზე უზენაესმა გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 

"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო  და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და  მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა". - წერია განცხადებაში. 

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 პირი დააკავეს - მათ ბრალად ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ძალადობა ედებოდათ. გარდა ამისა, ტოიოტა ქამრის ხუთ მგზავრს – ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და ა.ქ. -ს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას ედავება.  მათგან სამ სრულწლოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 

კომენტარები