კორონავირუსი საქართველოში

კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს Covid-19 დაუდასტურდა, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია გიმნაზიამ facebook-ზე გაავრცელა. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 21 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.  

"მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდ19. პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს". –აღნიშნულია განცხადებაში. 

ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის 173 საჯარო სკოლის მასწავლებელს, რის გამოც სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე 12 დღის განმავლობაში იქნება. ინფორმაცია ipn-ს სკოლის ადმინისტრაციამ დაუდასტურა. 

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 297 თბილისში აღირიცხა, 189 - აჭარაში, 150 კი იმერეთში. გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 391. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები