საქართველო-აზერბაიჯანი

მუხთარლი: საქართველოს საკონსულო და ავიახაზები თბილისში ჩამოსვლაში ხელს მიშლიან

https://www.facebook.com/afqan.muxtarli

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც დღეს თბილისში უნდა ჩამოსულიყო, წერს, რომ ბერლინის აეროპორტში გამოფრენის საშუალებას არ აძლევენ. 

როგორც ჟურნალისტი Facebook-ზე წერს, საქართველოს ავიახაზები და საქართველოს საკონსულო გერმანიაში დაბრკოლებებს უქმნიან. მისი განმარტებით, ეუბნებიან, რომ საბუთები წესრიგში არ აქვს. როგორც მუხთარლი წერს, ეს სიცრუეა. 

"საქართველოს ავიახაზები და საკონსულო დაბრკოლებებს ქმნიან - ამბობენ, რომ საბუთები წესრიგში არ მაქვს - რაც სიცრუეა. 

როგორც ჩანს, იციან, რომ ჩამოვდივარ და ცდილობენ, შემაჩერონ. 

ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე". - წერს მუხთარლი.

 

აფგან მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ, 8 ოქტომბერს მისმა ადვოკატმა გაავრცელა

მუხთარლი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 წლის მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება, საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს. 

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამის გამო მას ქვეყანაში დევნიდნენ, 2015 წელს  ცოლთან ერთად საქართველოს შეაფარა თავი. ის 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს იგი თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

მუხთარლი ამბობდა, რომ რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და ამის უფლება მათ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

კომენტარები