ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტის გაფორმებას ბიძგი ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტმა და ივანიშვილთან შეხვედრამ მისცა.
"უდიდესი ბიძგი მიეცა ამ შეთანხმებების პოზიტიურად და ორი ქვეყნისთვის სასარგებლოდ დასრულებას მას შემდეგ, რაც შედგა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და შედგა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა პარტიის საპატიო თავჯდომარესა და პრეზიდენტს შორის.
რა თქმა უნდა, მას მერე ძალიან ეფექტური და სწრაფი ნაბიჯებით წავიწიეთ ორივე მხარემ წინ და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება ორივე ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში, ისევე როგორც ტრანსპორტის სექტორში მიღწეული შეთანხმებები, ენერგეტიკის სექტორს განსაკუთრებით გამოვყოფდი, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, კვლავ განაგრძობს იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამ მიმართულებით." - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ეთერში.
ცნობისთვის, 18 მაისს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს:
- საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას;
- აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.
ასევე, 26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება.




