დავით-გარეჯის საქმე

მარიკაშვილი: მელაშვილის პროცესი 19:00-ზე ჩაინიშნა, მასალების გაცნობის დრო არ მომეცა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს წევრების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი წერს, რომ პროკურატურის მიერ მისთვის საქმის მასალების გადაცემიდან საათ-ნახევარში საქალაქო სასამართლომ სხდომა ჩანიშნა. სხდომა 19:00 საათზეა დაგეგმილი. 

"ივერი მელაშვილის საქმეზე 1:30 სთ-ის წინ გამოვედი პროკურატურიდან, მასალები გადმომცეს. მოვედი ოფისში და დავიწყე საქმის მასალების გაცნობა და ახლა ვიგებ, რომ 7 საათზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა ჩატარდება. ამ დროში მოსამართლე 7 ტომ საქმეს გაეცნობა, პროკურატურა რამდენიმე თვეს მუშაობდა ამ საქმეზე და ემზადებოდა და დაცვის მხარეს ერთი საათიც არ მაქვს მოსამზადებლად აღკვეთის ღონისძიებისთვის". – წერს ედუარდ მარიკაშვილი Facebook-ზე. 

სხდომის პარალელურად სასამართლოსთან მოძრაობა სირცხვილიას და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების წევრების აქცია გაიმართება. 

7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები