დავით-გარეჯის საქმე

თარხნიშვილი: ცალსახაა, მელაშვილი-ილიჩოვა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს ეწირებიან

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, პროკურატურის მიერ
კარტოგრაფების საქმეზე ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებას ეხმაურება.

თარხნიშვილის თქმით, პარტიის პოზიცია ამ ორი ადამიანის საქმის მიმართ რჩება
უცვლელი და ეს პოლიტიკურად დაგეგმილი საქმეა. 

"მარტივად რომ ვთქვათ, ევროპული საქართველოს დამოკიდებულება რჩება იგივე, ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი საქმე, რომელიც ითვალისწინებდა არჩევნების წინ
კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციას და ამას შეეწირა ორი აბსოლიტურად
უდანაშაულო ადამიანი.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი საქმე, როდესაც ჩვენ გვყავს პოლიტიკურად
მოტივირებული ადამიანები დაპატიმრებული ციხეში. სწორედ ამიტომ, ევროპული
საქართველო განვაგრძობთ პოლიტპატიმრების გამოშვების მოთხოვნას, მათ შორის ამ
ორი კონკრეტული ადამიანით. დღეს მე პირადად ვერაფერი ახალი ვერ მოვისმინე, გარდა იმისა, რომ 2 ადამიანი საუბრობს რაღაც სამუშაო პროცესზე, რომელიც ეყრდნობოდა 22 წლის წინანდელ საქმეს და მეორე მხრივ, 15 წლის წინანდელ საქმეს. ვინმე თუ გამარკვევს, რომ ადამიანების ესე პოსტ-ფაქტუმ ჩანაწერით რაღაცა შეიძლება გაარკვიონ, კი ბატონო, ეს ქართული პროკურატურის ნოუჰაუა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცალსახაა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ამის დადასტურება არის ის ფაქტიც, რომ ეს არ არის ერთადერთი საქმე, შეგვიძლია, გავიხსენოთ იგივე გიორგი რურუას საქმე, საარჩევნო ბრალდებები და ასე შემდეგ. ჩვენთვის არაფერი ახალი არ მომხდარა, ცალსახაა ეს ორი ადამიანი არის აბსოლიტურად უდანაშაულო და ეწირება ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს". – ამბობს თარხნიშვილი. 

დღეს, 21 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ  დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებული კარტოგრაფის ივერი მელაშვილის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა

ჩანაწერში ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული. 

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

    კომენტარები