ცენტრალური პარკი

იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოსაწყობად სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოსაწყობად სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის განმარტებით, პროექტის დასრულებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ იპოდრომის ტერიტორია თბილისის მერიას გადასცა 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გავრცელდა. 6 ოქტომბერს კი მერიამ ცენტრალ პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

დედაქალაქის მერის თქმით, პარკის ტერიტორიაზე იქნება იაპონური პარკი, ასევე, საგანმანათლებლო ტერიტორია, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, გუბურა. ასევე, მერის თქმით, ცენტრალურ პარკში იქნება ამფითეატრი, ბოტანიკური ბაღი, შადრევანი და პანორამული ხიდი, ფრანგული ბაღი, კვების ზონა და მდელო. ასევე, კალაძის თქმით, ცხოველებისთვის იქნება შესაბამისი სივრცე, "ადამიანებს ხელი რომ არ შეუშალონ." 

მერის ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში 26 ზონა იქნება, მათ შორის, სპორტის ზონა - საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ასევე, სკეიტ პარკი, ზიპლაინი, სასაზღვრო სატყეო ზონა და ა.შ. მისივე თქმით, პროექტით 3 ავტოსადგომია გათვალისწინებული.  

კალაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ბილიკი იქნება - მთავარი ბილიკი, ველოსიპედების ბილიკი, სასეირნო ბილიკი, ბაღების ბილიკი, იაპონური ბაღის ქვის ბილიკი, მთის ბილიკები და მთის ველო ბილიკი.

კომენტარები