ცენტრალური პარკი

SJC: ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) თბილისის მერიის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს ეხმაურება. ორგანიზაციის თქმით, სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს და ამ დრომდე არ არსებობს პარკის დეტალური პროექტი და მერიის არქიტექტურის სამსახურის თანხმობა მის შესახებ. 

"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ქალაქ თბილისის მერიას ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მშენებლობის დოკუმენტაციის გადმოცემის მოთხოვნით 2021 წლის 15 ივლისს მიმართა. როგორც მერიის პასუხებიდან და პირადად მერის განცხადებიდან ირკვევა, "ქართუ ფონდის" მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ესკიზური პროექტის საფუძველზე და ამ დრომდე არ არსებობს პარკის დეტალური პროექტი. არ არსებობს არც შეთანხმება მერიის არქიტექტურის სამსახურთან, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა". – წერია განცხადებაში

უკანონო სამუშაოების აღსაკვეთად ზომების მიღების მოთხოვნით სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია დაყოვნებლივ აღკვეთოს პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, რადგან საქმიანობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისი მოთხოვნით სამინისტროს მწვანე ალტერნატივამ 2020 წლის ოქტომებრში მიმართა, თუმცა სამუშაოების შეჩერება ამას არ მოჰყოლია.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოსაწყობად სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის განმარტებით, პროექტის დასრულებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ იპოდრომის ტერიტორია თბილისის მერიას გადასცა 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გავრცელდა. 6 ოქტომბერს კი მერიამ ცენტრალ პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

დედაქალაქის მერის თქმით, პარკის ტერიტორიაზე იქნება იაპონური პარკი, ასევე, საგანმანათლებლო ტერიტორია, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, გუბურა. ასევე, მერის თქმით, ცენტრალურ პარკში იქნება ამფითეატრი, ბოტანიკური ბაღი, შადრევანი და პანორამული ხიდი, ფრანგული ბაღი, კვების ზონა და მდელო. ასევე, კალაძის თქმით, ცხოველებისთვის იქნება შესაბამისი სივრცე, "ადამიანებს ხელი რომ არ შეუშალონ." 

მერის ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში 26 ზონა იქნება, მათ შორის, სპორტის ზონა - საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ასევე, სკეიტ პარკი, ზიპლაინი, სასაზღვრო სატყეო ზონა და ა.შ. მისივე თქმით, პროექტით 3 ავტოსადგომია გათვალისწინებული.  

კალაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ბილიკი იქნება - მთავარი ბილიკი, ველოსიპედების ბილიკი, სასეირნო ბილიკი, ბაღების ბილიკი, იაპონური ბაღის ქვის ბილიკი, მთის ბილიკები და მთის ველო ბილიკი.


 

კომენტარები