გენდერული კვოტები

საკონსტიტუციო სასამართლომ გენდერულ კვოტებზე გირჩის სარჩელი არ დააკმაყოფილა

გირჩი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ახალი პოლიტიკური ცენტრის, ჰერმან საბოს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ანა ჩიქოვანის მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გენდერული კვოტების შემოღებაზე არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელეები დავობდნენ, რომ გენდერული კვოტების შემოღება და მოთხოვნა, რომ საარჩევნოდ პარტიების სიაში ყოველ ოთხეულში ერთი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს, არაკონსტიტუციურია და მათი პარტნიორების ნების საწინააღმდეგოდ გამოიწვევდა სიის ჩამოყალიბებას, ვინაიდან გირჩი პარტიულ სიას მათი მონაწილეობით აკომპლექტებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებებს ეხება, რაც გულისხმობს, რომ 31 ოქტომბერს დანიშულ საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციისთვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი - არ დააკმაყოფილა.

თუმცა, ამასთანავე, სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად ცნობენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ადგენს, რომ საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს მხოლოდ ქალებისაგან დაკომპლექტებული პარტია, მათ არ ექნებათ ვალდებულება, ყოველ ოთხეულში ერთი მამაკაცი მაინც ჩაწერონ.

გადაწყვეტილება ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2 ივლისს დაამტკიცა. ცვლილებები გენდერულ კვოტირებასაც მოიაზრებს და გულისხმობს, რომ პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის. კვოტირებას მხარი მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ცვლილებებს ევროპული საქართველო ეწინააღმდეგებოდა, ამას ფარისევლობად აფასებდა.

ცვლილებების მიხედვით, პარტიები, რომლებსაც სიაში ყოველი მეოთხე ქალი ეყოლებათ, 30%-იან დანამატსაც მიიღებენ. ეს რეგულაცია მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. 2028 წლიდან კი, ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა.

კომენტარები