გენდერული კვოტები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკრებულოს სიაში კაცის ჩასმის ვალდებულება გააუქმა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, გაუქმდება ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს პროპორციულ სიაში კაცის ჩასმა სავალდებულო იყო. ასევე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ პორპორციულ სიაში მყოფი ქალი უარს იტყვის თავის ადგილზე, მის ნაცვლად ისევ ქალი უნდა ჩაჯდეს. საკონსტიტუციოს ამავე გადაწყვეტილებით, ანალოგიური არ გავრცელდება სიაში მყოფ კაც კანდიდატებზე და მათ ნაცვლად ჩაჯდომა ქალებსაც შეეძლებათ.

საქმე ეხებოდა ევროპული საქართველოს სარჩელს, რომლითაც პარტია გენდერული კვოტების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა და საკონსტიტუციო სასამართლო წერს, რომ მათ სარჩელი არსებით განხილვაში არ მიიღეს.

მოსარჩელეები ევროპული საქართველო, პარტიის წევრი ქალები და ამომრჩევლები იყვნენ. მათ ინდივიდუალური სარჩელები შეიტანეს და ინტერესებს ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი და იურისტი, გვანცა კვარაცხელია იცავდა.


2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც მათ შორის, გენდერულ კვოტირებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის იყოს. კვოტირებას მხარი მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ცვლილებებს ევროპული საქართველო ეწინააღმდეგებოდა, ამას ფარისევლობად აფასებდა.

პარლამენტის ეს გადაწყვეტილმა პარტია გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა, ორმა მოსამართლემ, თეიმურაზ ტუღუშმა და ირინე იმერლიშვილმა განსხვავებული აზრი გამოხატა

განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ეცნო სავალდებულო კვოტირების წესი. როგორც მოსამართლეები წერენ, კოლეგებმა საერთოდ არ შეაფასეს, რა გავლენას ახდენს სადავო რეგულირება ხალხის მიერ თავისუფალი არჩევანის რეალიზებაზე. 

კომენტარები