აქციები აშშ-ში

ვისკონსინში აქციები გრძელდება, დაიღუპა 2 ადამიანი

REUTERS

ვისკონსინში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება. მოკლულია 2 ადამიანი, დაშავდა ერთი.

პოლიციის ინფორმაციით სამ პირს ესროლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაპირისპირება, რასაც სროლა მოჰყვა მომიტინგეებსა და ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის დაცვას შორის მოხდა.

ქალაქ კენოშაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცამ შავკანიან კაცს ესროლა.

შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა. ჯეიკობ ბლეიკი ამჟამად საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციელებმა მას რამდენჯერმე ესროლეს, როდესაც ის მანქანაში ჩაჯდომას ცდილობდა. პოლიციამ დაჭრილ კაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უმიზნებენ ცეცხლსასროლ იარაღს პოლიციელები ჯეიკობ ბლეიკს. ბლეიკი საკუთარ მანქანასთან მიდის, კარს აღებს და იხრება, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი მას მაისურში სწვდება და ცეცხლს ხსნის. ვიდეოში 7 გასროლა ისმის. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია ოჯახური ინციდენტის გამო გამოიძახეს. უცნობია ვინ გამოიძახა სამართალდამცველები და რა უძღოდა წინ ვიდეოში ასახულ მოვლენებს.

ბლეიკის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ დაშავებული კაცი 3 შვილის მამაა და ოჯახური კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდა, პოლიცია კი არაჰუმანურად მოიქცა.

ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.

პოლიციის დასახმარებლად შტატში მობილიზებულია ეროვნული გვარდია. მომიტინგეები ბლეიკის დაჭრაში მონაწილე პოლიციელების დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. მათ დაწვეს მანქანები. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ქალაქში ამოქმედდა კომენდატის საათი.

კომენტარები