აქციები აშშ-ში

ტრამპი ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში ჩავიდა, სადაც საპროტესტო აქციები გრძელდება

AP

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში ჩავიდა, სადაც საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

ტრამპის თქმით ძალადობა, რომელიც აქციებს მოჰყვა "ანტიამერიკულია". მან ის ტერიტორია მოინახულა, რომელიც მიტინგების დროს გადაწვეს.

"ეს მშვიდობიანი პროტესტი არ არის, რეალურად ეს საშინაო ტერორია". – თქვა ტრამპმა.

კენოშაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ტრამპი ქალაქის და შტატის დემოკრატ მმართველებს აკისრებს, რომლებიც მისი ვიზიტის წინააღმდეგები იყვნენ.

ტრამპი კენოშას საშუალო სკოლის შენობას ეწვია, რომელიც აქციების გამო პოლიციის პოსტად არის გადაკეთებული. ის კენოშას პოლიციის დეპარტამენტს 1 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას დაჰპირდა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია პროტესტის შედეგად დაზარალებულ ბიზნესებს დახმარების სახით 4 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს.

აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ჯეიკობ ბლეიკის ოჯახთან შეხვედრაც სურდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა, რადგან ბლეიკის ოჯახმა ადვოკატის დასწრება მოითხოვა.

ქალაქ კენოშაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცამ შავკანიან კაცს ესროლა.

შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა. პოლიციელებმა ჯეიკობ ბლეიკს რამდენჯერმე ესროლეს, როდესაც ის მანქანაში ჩაჯდომას ცდილობდა. მანქანაში მისი სამი შვილი იმყოფებოდა. სროლის შემდეგ ბლეიკი პარალიზებულია.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უმიზნებენ ცეცხლსასროლ იარაღს პოლიციელები ჯეიკობ ბლეიკს. ბლეიკი საკუთარ მანქანასთან მიდის, კარს აღებს და იხრება, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი მას მაისურში სწვდება და ცეცხლს ხსნის. ვიდეოში ისმის შვიდი გასროლის ხმა. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია ოჯახური ინციდენტის გამო გამოიძახეს.

ბლეიკის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ დაშავებული კაცი 3 შვილის მამაა და ოჯახური კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდა, პოლიცია კი არაჰუმანურად მოიქცა.

პოლიციელი, რომელმაც ბლეიკს ესროლა სამსახურიდან დროებით გაათავისუფლეს. მიმდინარეობს გამოძიება.

პოლიციის დასახმარებლად შტატში მობილიზებულია ეროვნული გვარდია. მომიტინგეები ბლეიკის დაჭრაში მონაწილე პოლიციელების დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. მათ დაწვეს მანქანები. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ქალაქში ამოქმედდა კომენდანტის საათი.

კომენტარები