გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა

შაქარაშვილის ბიძა: საქმესთან დაკავშირებით მთავარი კითხვები აღარაა, მათზე პასუხი გაცემულია

ფორმულა / Screengrab

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით მთავარი კითხვები აღარაა, რადგან მათზე პასუხი უკვე გაცემულია. ამის შესახებ ნიკოლაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემაში "პოლიტმეტრი" ისაუბრა.

"საქმის გახსნა ნიშნავს, რომ ბრალდებული პირები გამოკვეთილია და მათ წარედგინათ ბრალდება, გაუხსნელია, როცა ბრალდებული არაა სახეზე. შესაბამისად, ეს საქმე გახსნილია". – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

დღესვე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ აღნიშნა, რომ ოჯახს გამოძიებასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს და მიიჩნევს, რომ სრულადაა დადასტურებული დამნაშავეების მიერ ჩადენილი ქმედება. მისივე თქმით, ოჯახი პირველივე ეტაპზე ენდობოდა გამოძიებას.

ნიკოლაძის თქმით, დაზარალებულის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. როგორც ნიკოლაძე ამბობს, ისინი თვალყურს მიადევნებენ, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიცაა მაგალითად, შეწყალება. 

საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ დღეს, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. 

პროკურატურის ცნობით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა. 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 6 არასრულწლოვანია.

კომენტარები