გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა

შაქარაშვილის ბიძა: ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას, თვალს ვადევნებთ პროცესს

"დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში". – ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ . 

მისი თქმით, დაზარალებულის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. როგორც ნიკოლაძე ამბობს, ისინი თვალყურს მიადევნებენ, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიცაა მაგალითად, შეწყალება. 

"დაზარალებულის ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს, არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდეგ სასჯელის მოხდის პერიოდში, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რაც არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ შეწყალებას და ა.შ". – თქვა ნიკოლაძემ. 

ნიკოლაძის თქმით, საქმეში ტოიოტა ქემრის მძღოლის ჩართულობაზე მტკიცებულებები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, თუმცა სამომავლოდ არაფერია გამორიცხული. რაც შეეხება გამოძიების დასკვნას, ნიკოლაძის თქმით, ოჯახი გამოძიებას თავიდანვე ენდობოდა და მასთან პრეტენზიები არ აქვს. 

საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ დღეს, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. 

პროკურატურის ცნობით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა. 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 6 არასრულწლოვანია. 

კომენტარები