ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ბელარუსის შსს საპროტესტო აქციისას ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტს არ ადასტურებს

TUT.BY

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მინსკის აქციის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არავინ დაღუპულა, ასევე დაადასტურა ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტრომ.

ადამიანთა უფლებების ჯგუფის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, Meduza-მ და Reuters-მა დაწერეს, რომ ერთ-ერთ დემონსტრანტს პოლიციის მანქანა დაეჯახა. ამ დროისთვის Reuters-მა სტატია ჩაასწორა და ამ ინფორმაციას აღარ ავრცელებს.

ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, აქციების დროს დაშავდა პოლიციის 39 თანამშრომელი და 50-ზე მეტი სამოქალაქო პირი. პროტესტის დროს დააკავეს 3000-ზე მეტი ადამიანი, მათგან დაახლოებით 1000 მინსკში, დანარჩენები კი ბელარუსის ოცდაათამდე სხვა ქალაქში.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საპროტესტო გამოსვლები ბელარუსის დედაქალაქში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო. სხვადასხვა ცნობებით, მინსკის აქციაზე 5000 ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო შეკრებები გაიმართა ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, მათ შორის, ბრესტში, ვიტებსკში, მოგილოვში.

პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო. მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 9.9% მოიპოვა.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. როგორც ტიხანოვსკაია ამბობს, მის შტაბს აქვს ხმების დათვლის ალტერნატიული მონაცემები და მისი გუნდი აპირებს ყველა დარღვევის დამტკიცებას.

კომენტარები