ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ბელარუსში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, საბჭოს მიზანი ახალი არჩევნების ჩატარებაა

TASS

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა და თავის გეგმებზე ისაუბრა. საკოორდინაციო საბჭოს მიზანი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაა. სხვა რაიმე პოლიტიკური ან რეფორმების პროგრამა საბჭოს არ აქვს. საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ძალაუფლების ძალადობრივი მითვისება მათ მიზანს არ წარმოადგენს.

საკოორდინაციო საბჭო ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივაა ჩამოყალიბებული. საბჭოში შევიდნენ ნობელიანტი მწერალი, სვეტლანა ალექსიევიჩი და სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და ვიკტორ ბაბარიკოს საარჩევნო შტაბის წევრები. საბჭოს პირველი სამუშაო სხდომა 19 აგვისტოსაა დაგეგმილი.

ალექსანდრ ლუკაშენკო საკოორდინაციო საბჭოს ძალაუფლების ძალადობრივად მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს. მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია გეგმავს რუსეთ-ბელარუსის კავშირიდან გამოსვლას, რუსეთის საზღვართან სასაზღვრო კონტროლის აღდგენასა და ნატოში გაწევრიანებისთვის მუშაობის დაწყებას.

საკოორდინაციო საბჭომ ლუკაშენკო მანიპულაციისა და მოტყუების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთ-ბელარუსის კავშირის დატოვებასა და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევას.

კომენტარები