ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

კანდელაკი: ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ჩვენს რეგიონზეც უზარმაზარი გავლენა ექნება

https://formulanews.ge/

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ იქ განვითარებულ მოვლენებს საქართველოზეც დიდი გავლენა ექნება. ამის შესახებ კანდელაკმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ამ ყველაფერს ექნება უზარმაზარი გეოპოლიტიკური  შედეგები ჩვენს რეგიონზეც. ბევრი  უპირატესობა აქვს ბელარუსს. თუ ეს ტრანსფორმაცია წარმატებული იქნება, ის შედარებით მალე შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი. იქ არ არის კორუფცია, იქ მუშაობს ინდუსტრია და უზარმაზარი ინვესტიციები წამოვა. უზარმაზარ ტრანსფორმაციას უზარმაზარი გავლენა ექნება რუსეთის მომავალზეც". – ამბობს კანდელაკი. 

მისი თქმით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მომავალზეც აისახება და რუსეთის მიერ შეთხზულ მითებს, რომ სრულფასოვანი დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები მართლმადიდებლურ ქვეყნებში ვერ იმუშავებს, "დაასამარებს". 

"რატომ მოახდენს რუსეთის მომავალზე გავლენას? - იმიტომ , რომ ბელარუსის დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ უკვე დაამტკიცა, რომ ის მითი, რასაც ემყარება პუტინის ხელისუფლება, რომ სრულფასოვანი დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები ამ სივრცეზე, რომელზეც ერთ დროს ბატონობდა საბჭოთა კავშირი, ბოროტების იმპერია, შეუძლებელია. ამას დაასამარებს ბელარუსი, რომ ეს არის სისულელე. რუსული პროპაგანდის მიერ შეთხზული მითი ის არის, რომ ეს პრინციპები მართლმადიდებლურ ქვეყნებში ვერ იმუშავებს.

ბელარუსი ხალხის დაკვეთა არის დამოუკიდებლობა. არავის უჭირავს ბელარუსის ამჟამინდელი, დროშა. დროშა, რაც არის სსრკ-ს დროშის იმიტაცია. ეს დროშა, [რომელიც უჭირავთ], არის ბელარუსის პირველი რესპუბლიკის დროშა". - ამბობს კანდელაკი.  

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

დღეს, 17 აგვისტოს, ევროპარლამენტარებმა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და დემოკრატების, განაახლე ევროპის, მწვანეების და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ისინი ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების წამებას და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და სიტუაციას საშინელი უწოდა. მან თქვა, რომ აშშ ახლოდან დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც დღეს, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

კომენტარები