გიორგი რურუას საქმე

ადვოკატი: რურუას განაჩენი ხელისუფლებამ გამოუტანა იმის გამო, რომ "ოცნების" ოპონენტი იყო

მთავარი არხი

ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ მოსალოდნელი იყო.

საძაგლიშვილი ამბობს, რომ რურუას საქმეზე გადაწყვეტილება პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო და არა მოსამართლემ.

"გიორგი რურუას საქმეზე გადაწყვეტილებას არ იღებს ვალერიან ბუგიანიშვილი. ის არ არის მოსამართლე, რომელიც შინაგანი რწმენით ან კანონით ხელმძღვანელობს. ის არის უბრალოდ პოლიტიკური მითითებების შემსრულებელი მოსამართლე. საქმეში არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება [რურუას წინააღმდეგ]. მიუხედავად ამისა, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ბუგიანიშვილი მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას", - თქვა მან მთავარი არხის ეთერში.

ადვოკატისვე განცხადებით, დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"მიუხედავად იმისა, რომ არც სააპელაციო სასამართლოს ვენდობით და დარწმუნებულები ვართ, რომ იქაც ბიძინა ივანიშვილის მითითებების შემსრულებელი მოსამართლეები შეგვხვდებიან, უბრალოდ დაცვის, ანუ ჩვენი მოვალეობაა, განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მონა მოსამართლეები განიხილავენ გიორგი რურუას საქმეს". - თქვა დიტო საძაგლიშვილმა. .

რაც შეეხება გიორგი რურუას რეაქციას მისთვის პატიმრობის მისჯაზე - ადვოკატი აცხადებს, რომ ის ამ გადაწყვეტილებას ღიმილით და ღირსეულად შეხვდა, ვინაიდან მისთვის დაკავების დღიდანვე ცნობილი იყო, რომ განაჩენი პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გამოუტანა, "იმის გამო, რომ იყო ქართული ოცნების ოპონენტი, იმის გამო, რომ არის მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი მონაწილე და მხარდამჭერი".

დღეს, 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის ერთ-ერთი თანამფლობელი, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწ ოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი იყო. თუმცა, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი არც ერთხელ არ შეუცვალა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები