გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს, 27 ივლისს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.

სასამართლომ დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. 

როგორც გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, ბრალდებულების გათავისუფლებამ, შესაძლოა, გამოძიებას ხელი შეუშალოს.

"ვფიქრობთ, რომ ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი უნდა იყოს პატიმრობაში, რათა ძიებას არ შეეშალოს ხელი. მოლოდინი მაქვს, რომ თუ ვინმეს ბრალი დაუმძიმდება, ესენი იქნებიან ტოიოტა ქემრის მგზავრები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ როგორც ფიზიკურ ძალადობაში, ასევე გიორგის განზრახ მკვლელობაში". – ამბობს ნიკოლაძე. 

აღნშნულ საქმეზე არასრულწლოვნების პროცესი 31 ივლისსაა ჩანიშნული.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზისავე თქმით, სიკვდილამდე შაქარაშვილს არაერთი დაზიანება მიაყენეს, მათ შორის, ბლაგვი საგნით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები