აშშ-საქართველო

საგარეო აშშ-ს დახმარების შესაძლო შემცირებაზე: ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება საქართველოსთვის აშშ-ს დახმარების შესაძლო შემცირების შესახებ.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც შესაძლოა, აშშ-მ საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, დახმარების შესაძლო შემცირების თაობაზე ჩანაწერი "არ ატარებს სავალდებულო ხასიათს":

"აშშ-ს სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი კვლავ ითვალისწინებს საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ დახმარებას და $132 მილიონს აღწევს. კანონპროექტის თანახმად, თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით. აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს." - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგრეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "იმ საკითხებში, რომლის თაობაზე კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ითხოვს, საქართველო პროგრესირებს, რაც  აღიარებულია თავად საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ".

განცხადების ბოლოში კი ნათქვამია, რომ კანონპროექტის ტექსტი საბოლოოდ ჯერ არ დამტკიცებულა - ჯერ წინაა სენატის თანხმობა, კონგრესის ორივე პალატაში საბოლოო შეჯერება და პრეზიდენტის ხელმოწერა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 244 ხმით 189-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი საგარეო ოპერაციებისა და დაკავშირებული პროგრამების შესახებ.

როგორც დოკუმენტისთვის თანდართული შესწორებით ირკვევა, აშშ-ს "სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ჩარევისგან გათავისუფლების, გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონის და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით".

შემდგომში სწორედ ამის მიხედვით გადაწყდება, მოაკლებს თუ არა აშშ საქართველოს დახმარების 15%-ს.

კომენტარები