ახალი კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ში უცხოელ სტუდენტებს დეპორტაცია აღარ ემუქრებათ

GETTY IMAGES

უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო პროგრამა მთლიანად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, დეპორტაცია აღარ ემუქრებათ. 

ერთი კვირის წინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წამოაყენა გეგმა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის გამო აშშ-ს უნივერსიტებში დისტანციურად სწავლობდნენ, ქვეყნის დატოვება მოუწევდათ, თუ მათი პროგრამა ნაწილობრივ მაინც არ დაუბრუნდებოდა ჩვეულ, პანდემიამდელ სასწავლო რეჟიმს.

ამ გეგმის გამო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტმა და ჰარვარდის უნივერსიტეტმა აშშ-ს მთავრობას სასამართლოში უჩივლეს. ორივე უნივერსიტეტი ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდმდგომარეობის გამო სექტემბრის სემსტრის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელებას გეგმავს.

უნივერსიტეტებმა გადაწყვეტილებას თვითნებური და არაპროგნოზირებადი უწოდეს. სარჩელს მხარი დაუჭირეს სხვა უმაღლესმა სასწავლებლებმაც. უნივერსიტეტების განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი არ არის სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, არამედ მისი “ნამდვილი განზრახვაა” სასწავლებლებს აიძულოს გახსნა და პანდემიამდელ სასწავლო რეჟიმზე დაბრუნება. 

მოსამართლე ელისონ ბეროუზის განცხადებით, მხარეებმა ურთიერთშეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების ფარგლებში აღდგა გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ს მთავრობამ მარტში მიიღო და რომელიც საშუალებას აძლევდა უცხოელ სტუდენტებს, დისტანციურ რეჟიმში გაეგრძელებინათ სწავლა და ამავდროულად კანონიერად დარჩენილიყვნენ ქვეყანაში.

კომენტარები