ახალი კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპი: აშშ-ში პანდემიის კუთხით სიტუაცია გაუარესდება, სანამ გამოსწორებას დაიწყებს

დონალდ ტრამპი
politico

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანაში პანდემიის კუთხით სიტუაცია გაუარესდება, სანამ გამოსწორებას დაიწყებს. მან ამერიკელებს მოუწოდა ატარონ პირბადეები და თქვა, რომ ეს პატრიოტიზმის გამოხატულება იქნება. თავად ტრამპს პრესკონფერენციაზე პირბადე არ ეკეთა.

"სამწუხაროდ, სიტუაცია გაუარესდება, სანამ გაუმჯობესებას დაიწყებს. ამის თქმა არ მომწონს, მაგრამ ეს ასეა. ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა არ შეუძლიათ, პირბადე ატარონ. მოგწონთ თუ არა ნიღბები, მათ გავლენა და ეფექტი აქვთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. ჩვენ ვთხოვთ ამერიკელებს გამოიყენონ პირბადეები, მკაცრად დაიცვან ჰიგიენა და სოციალური დისტანცია - დაიბანეთ ხელები ყოველთვის, როცა ამის საშუალება გაქვთ, დაიცავით მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები, თავიდან აირიდეთ ხალხმრავალი ბარები და სხვა ადგილები. იყავით უსაფრთხოთ და მოიქეცით გონივრულად". – თქვა მან.

მანამდე ტრამპი ამბობდა, რომ პირბადეს არ გაიკეთებდა და ნიღბის ტარების გამო აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მთავარ ოპონენტს, ჯო ბაიდენს დასცინოდა. აპრილში ტრამპმა თქვა, რომ ვერ წარმოედგინა საკუთარი თავი პირბადით ოვალურ ოფისში.

ტრამპმა თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა მიიღოს "პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები, დიქტატორები, მეფეები და დედოფლები" ოვალურ ოფისში პირბადით. მან ხაზი გაუსვა, რომ პირბადეების ტარების თაობაზე ამერიკელებისათვის გაცემული მითითების შესრულება ნებაყოფლობითია.

"აუცილებელი არ არის ამის გაკეთება. არა მგონია, რომ ეს გავაკეთო, ოვალურ ოფისში მჯდომს, ულამაზეს მაგიდასთან, ეს საკუთარ თავზე ვერ წამომიდგენია... შესაძლოა, აზრი შევიცვალო."

მაისში კორონავირუსით დაავადების ორი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, თეთრი სახლის თანამშრომლებს პირბადეების ტარება დაევალათ. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ თანამშრომლებს პირბადე უნდა ეკეთოთ ნებისმიერ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკუთარ სამუშაო მაგიდასთან, კოლეგებისგან უსაფრთხო დისტანციაზე არიან.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ მითითების გაცემა მან მოითხოვა. მიუხედავად ამისა, თავად ტრამპი კვლავ უარს ამბობდა პირბადის გაკეთებაზე. მან პრესკონფერენციაც პირბადის გარეშე გამართა. ტრამპი ირწმუნებოდა, რომ სახის დაფარვა არ სჭირდება, რადგან ყველასგან მოშორებით დგას.

აშშ-ს პრეზიდენტს პირბადე არ ეკეთა არც მაშინ, როდესაც ნიღბების მწარმოებელ საწარმოს ესტუმრა და არც ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე. ამ შეხვედრის შემდეგ მისი კამპანიის რამდენიმე წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აშშ-ში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის კვალდაკვალ, ტრამპმა რიტორიკა შეცვალა და თქვა, რომ პირბადეების ტარებას ემხრობა და მოსწონს, როგორ გამოიყურება ნიღბით. გასულ კვირას ის პირველად გამოჩნდა საჯაროდ პირბადით.

როდესაც ტრამპს ამაზე მიუთითეს, მან თქვა, რომ პირბადეებზე აზრი ჯანდაცვის ექსპერტებმაც შეიცვალეს. მარტში კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი სპეციალური გუნდის წამყვანმა ექსპერტმა, ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ პირბადეების ტარება სავალდებულო არ იყო. მოგვიანებით, ეს მითითება შეიცვალა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით 4 028 733 ადამიანი დაავადდა და ამ მაჩვენებლით ქვეყანა კვლავ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ვირუსით გარდაიცვალა 144 958 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 886 778.

კომენტარები