ახალი კორონავირუსი აშშ-ში

ნიუ-იორკმა 8 შტატს მოგზაურობაზე შეზღუდვები დაუწესა

AP

იმ შტატებიდან ჩამოსულებს, რომლებშიც COVID-19-ის შემთხვევებმა მოიმატა, ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი და კონექტიკუტი 14 დღით თვითიზოლირებას სთხოვენ.

სამხრეთისა და დასავლეთის ზოგიერთ შტატში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იზრდება.

თვითიზოლაციას სთხოვენ შემდეგი შტატებიდან ჩამოსულ სტუმრებს: ალაბამა, არკანზასი, არიზონა, ფლორიდა, ჩრდილოეთ კაროლინა, სამხრეთ კაროლინა, ტეხასი, იუტა. სხვადასხვა შტატებისთვის შეზღუდვების მოხსნა ან დაწესება დამოკიდებულია ახალი შემთხვევების რაოდენობაზე. კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 1000 დოლარია. განმეორებითი დარღვევისთვის ჯარიმა 5000 დოლარამდე იზრდება. 

ნიუ-ჯერსის გუბერნატორის, ფილ მერფის განცხადებით, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და კონექტიკუტის მოსახლეობამ ჯოჯოხეთი გამოიარა და მათ ინფექციის ახალი ტალღა არ სჭირდებათ. 

Reuters-ის ინფორმაციით, უკანასკნელ კვირაში მთლიანად აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა 25%-ით, ხოლო ზოგიეთ შტატში - 50%-ით გაიზარდა.

ფლორიდაში დღიურად ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი - 5 508 შემთხვევა დაფიქსირდა. რადგან შტატის რეგულაციებით ნიღბების ტარება სავალდებულო არ არის, ზოგიერთმა ქალაქმა დამოუკიდებლად გახადა საჯარო სივრცეში ნიღბების ტარება სავალდებულო.

არიზონის წარმომადგენლების განცხადებით, შტატში საავადმყოფოებში ადგილების 80% COVID-19-ით ინფიცირებულებს უკავიათ და მომავალ კვირებში ჯანდაცვის სისტემამ, შესაძლოა, დატვირთვას ვეღარ გაუძლოს.

ოთხშაბათს ტეხასშიც დაფიქსირდა დღიური ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი - 5 551 შემთხვევა. ტეხასის გუბერნატორის, გრეგ აბოტის განცხადებით, შტატი, შესაძლოა, მასობრივი გავრცელების საფრთხის წინაშე დადგეს და გაჩნდეს ახალი შეზღუდვების დაწესების საჭიროება.

ტეხასიც და არიზონაც იმ შტატების რიცხვში შედიან, რომლებმაც შეზღუდვები ნაადრევად შეამსუბუქეს.  

ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან გაიზარდა სამხრეთ კაროლინაში, იუტაში, მისისიპიში და ლუიზიანაში. ზოგმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ, შესაძლოა, კარანტინის შემოღება ხელახლა გახდეს საჭირო. 

აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობამ 2.4 მილიონს გადააჭარბა და მსოფლიოში ყველაზე მაღალია. 

ამ მდგომარეობის გამო, შესაძლოა, ევროკავშირმა აშშ-ს მოქალაქეებს მოგზაურობა შეუზღუდოს.

კომენტარები