ინდოეთი-ჩინეთი

ინდოეთისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირებისას 20 ინდოელი სამხედრო დაიღუპა

REUTERS

ინდოეთისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირებისას 20 ინდოელი სამხედრო დაიღუპა. ინდოეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ მსხვერპლი ორივე მხარეს არის, თუმცა ჩინეთში ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ისინი თავდასხმაში ინდოელ ჯარისკაცებს ადანაშაულებენ.

დაპირისპირება ქვებით და ხელკეტებით მოხდა. ინდოეთის განცხადების მიხედვით, რომ გასროლა არ ყოფილა. მათი თქმით, ჯარისკაცები ლადაქის რეგიონში, ჰიმალაის მთებში გამავალ საზღვარზე, ყინვაში იყვნენ. ბოლო 45 წლის განმავლობაში ეს ორი ქვეყნის საზღვარზე პირველი დაპირისპირებაა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

მოგვიანებით, ორი ქვეყნის სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაძაბულობის შესამცირებლად მოლაპარაკებები გაიმართა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ინდოეთისა და ჩინეთის მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბსა და ქვების სროლაში გადაიზარდა. ჰიმალაის მთებში გამავალი საზღვრის არაერთი მონაკვეთი ორ ქვეყანას შორის დავის საგანია.

ინდოეთი ჩინეთს ლადაქის რეგიონში ათასობით ჯარისკაცის გაგზავნაში და მათი ტერიტორიის 38 000 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციაში ადანაშაულებს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სასაზღვრო დავების გადასაჭრელად არაერთი მოლაპარაკება გაიმართა, თუმცა უშედეგოდ.

კომენტარები