ინდოეთი-ჩინეთი

ინდოეთმა ჩინური Huawei და ZTE ქვეყნის 5G ქსელის ცდებში მონაწილეობისგან გამორიცხა

ინდოეთის მთავრობამ დაასახელა ის 5G ქსელის აღჭურვილობის მომწოდებელი კომპანიები, რომლებსაც საშუალებას მისცემენ, რომ ინდოეთში 5G ქსელის ტესტირება ჩაატარონ. ინდოეთის მთავრობას ჩინური Huawei და ZTE არ დაუსახელებია.

6-თვიანი ცდის მიზანია 5G-ს სიჩქარისა და ტექნოლოგიის შემოწმება სხვადასხვა გარემოში.

ამ დროისთვის, ჩინური კომპანიები მხოლოდ ცდებში არ იღებენ მონაწილეობას და ინდოეთს ეს ორი ჩინური კომპანია 5G ქსელის აღჭურვილობის მომწოდებლებისგან არ აუკრძალავს.

მარტში ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლებმა Reuters-თან ანონიმურად თქვეს, რომ ინდოეთში Huawei-ს ტელეკომუნიკაციის აღჭურვილობის გამოყენებას ივნისში, სავარაუდოდ, აკრძალავენ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ Huawei და ასევე ZTE ე.წ. შავ სიაში შეიყვანა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა საკითხთან დაკავშირებით სპეციალური დასკვნა მოამზადეს, რომლის მიხედვითაც Huawei პირდაპირ კავშირშია ჩინეთის ხელისუფლებასთან, რაც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას საშუალებას აძლევს უთვალთვალოს აშშ-ის სატელოკომუნიკაციო ქსელებს.

გასული წლის ივნისში ინდოეთის მთავრობამ 59 ჩინური აპლიკაცია, მათ შორის, ცნობილი ვიდეოების აპლიკაცია TikTok-ი და ჩინეთში Facebook-ის მსგავსი აპლიკაცია, WeChat აკრძალა.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, აპლიკაციები ინდოეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და "საზიანოა ინდოეთის სუვერენიტეტისთვის, ერთიანობისთვის, თავდაცვისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის". ინდოეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ ჩინური აპლიკაციები მას შემდეგ აკრძალა, რაც მათზე სხვადასხვა წყაროდან არაერთი საჩივარი მიიღო, რომ აპლიკაციებით იპარავდნენ და ფარულად, უნებართვოდ გზავნიდნენ მომხმარებელთა ინფორმაციას.

მაშინ აკრძალვას წინ უძღოდა 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე მომხდარი დაპირისპირება, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა. მომხდარის შემდეგ ინდოეთსა და ჩინეთს შორის ურთირთობა დაიძაბა.

საგულისხმოა ისიც, რომ ინდოეთი აშშ-სთან, იაპონიასთან და ავსტრალიასთან ერთად ოთხმხრივი უშიშროების დიალოგის, ქუადის წევრია. ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხესთან ერთად, ბოლო დროს, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ სამომავლოდ შორეულ აღმოსავლეთში აშშ-ს ლიდერობით NATO-ს მსგავსი ალიანსის შესაძლო შექმნაზე.

კომენტარები