მალხაზ მაჩალიკაშვილი

მაჩალიკაშვილი: ხალხის თხოვნის შემდეგ ვიფიქრე, პარლამენტში უნდა ვიყო, თუმცა არ გადამიწყვეტია

მალხაზ მაჩალიკაშვილი
Screenshot/ Formula

"ვიფიქრე, რომ უნდა ვიყო პარლამენტში," – თქვა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით მას გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ის, გახდეს მაჟორიტარი და შემდეგი მოწვევის პარლამენტში ხელახლა სცადოს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში ვერ მოხერხდა, მაჩალიკაშვილმა უპასუხა:

"ამ ორი წლისა და ხუთი თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანის შესაძლებლობებს გადავაბიჯე, იმდენი ჯოჯოხეთი გამოიარე, ყველაფერი გავაკეთე, ქვეყნის საზოგადოების იმ ნაწილისთვის რომ მეთქვა, ასე არ არის, თემირლანი არ ყოფილა დამნაშავე. პირველ პერიოდში, მართალია, ძალიან ბევრმა ხალხმა დაიჯერა ჩემ წინააღმდეგ წამოწყებული ეს ინფორმაციული ომი იმედისა და სუს-ის მეშვეობით, ორი სახელმწიფო მებრძოდა – ცალკე ინფორმაციული შემოტევა და ცალკე მთლიანად აღებული სახელმწიფო სისტემა. მაგრამ მე ეს ბრძოლა გავაგრძელე იმისთვის, რომ ხვალ სხვა ადამიანებს არ დაეკარგათ იმედი, რომ მიეღწიათ სამართლისთვის, თუ მსგავსი დანაშაული კიდევ მოხდებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემს ტკივილს იმ ადამიანების ტკივილი და გაუბედურებული, უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების ტკივილიც დაემატა.

ვიფიქრე, ძალიან ბევრი ადამიანის თხოვნით, რომ უნდა ვიყო პარლამენტში. ერთი ეს და მეორე, ისიც ვიფიქრე, გამომდინარე აქედან, დღეს ვხედავ, როგორ მექცევა თუნდაც პარლამენტი და ყველა ის სახელისუფლებო ორგანო და ამის გამო გადავწყვიტე, ხომ არ იქნებოდა ჩემი სამართლიანობის მისაღწევად უკეთესი, რომ ვიყო მაჟორიტარი. არა მარტო ჩემი გულისთვის, არამედ იმ უსამართლობით დაჩაგრული, ამ მახინჯი სისტემით დაჩაგრული [ადამიანებისთვის],  მხედველობაში მყავს მახინჯი სასამართლო, მახინჯი პროკურატურა და მახინჯი პარლამენტი.

იმ პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც [ამბობენ], მაჩალიკაშვილს რა უნდა პარლამენტშიო. ისინი თუ იმ პარლამენტში სხედან, მაჩალიკაშვილი შეიძლება ამერიკის სენატშიც დასვან. თავის ქება არ გამომივიდეს, მე ვგულისხმობ, იმდენად დებილები არიან".

ჟურნალისტის კითხვაზე, დამოუკიდებლად აპირებს სცადოს შანსები, თუ რომელიმე პარტიასთან ერთად, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიუგო:

"არა, ახლა ამასთან დაკავშირებით ... მე არ მაქვს ეს გადაწყვეტილი და ნაკლებად ვფიქრობ პოლიტიკაში წასვლას. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, თუ თემირლანის საქმეს დასჭირდა, ამაჟამად უკვე იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩემს მდგომარეობაში არიან, [სისტემისგან] დაჩაგრულები. მაგრამ მე, როგორც ასეთი, პოლიტიკაში წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს."

მაჩალიკაშვილის თქმით, მან რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ტალახს ესვრიან – "ასეთ გაუბედურებულს ამდენ ტალახს მესვრიან და იქ უფრო მეტი გამოჩნდება. სიმართლე რომ გითხრათ, მე ეს არ მინდა. მაგრამ, როგორც ყოველთვის ვაცხადებდი, თუ დასჭირდა თემირლანის საქმეს, პოლიტიკაში კი არა ჯოჯოხეთში წავალ".

კომენტარები